სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციართა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, კერძოდ კი სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროგრამას კიდევ ერთი ბენეფიციარი შპს „სამზეო“ შეემატა.
აღსანიშნავია, რომ პირველად თუშეთში, კერძოდ სოფელ ომალოში 43 ნომრიანი სასტუმრო აშენდება, რომელიც საერთაშორისო ბრენდის „Preferred Hotels&Resorts” წევრი იქნება. აღნიშნული ქსელი მსოფლიოს 85 ქვეყანაში 650 სასტუმროს აერთიანებს. სასტუმროში განთავსდება პრემიუმ კლასის რესტორანი, საუნა, სპა, ლაუნჯი და ამასთანავე, ნებისმიერ დამსვენებელს თუ ტურისტს საშუალება ექნება ისარგებლოს საკონფერენციო მომსახურებით.
სასტუმრო, რომელიც 2018 წლის შემოდგომიდან გაიხსნება, პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანს დაასაქმებს და ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე ტურიზმის სფეროს განვითარებას.
ცნობისთვის, 2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 38 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 110 მლნ. ლარზე მეტს. აღნიშნული სასტუმროები შექმნიან დამატებით 1174 ოთახს და 1200-ზე მეტ სამუშაო ადგილს.