LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამიტზე დაკნინება არ ყოფილა, საქართველოს საკითხზე იმსჯელეს, უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ, რომ ნატო-სკენ გზა შევამოკლოთ: ფხალაძე

65
თენგიზ ფხალაძე

“ნატოს ორივე დოკუმენტი – კონცეფციაც და კომუნიკეც აფიქსირებს ხედვას რუსეთთან მიმართებში და იმ პოლიტიკის მიუღებლობას, რომელიც რუსეთს აქვს.” –  ნატოს სამიტის კომუნიკეს “ინტერპრესნიუსთან” ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე აფასებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული დოკუმენტი პესიმიზმის საფუძველს არ იძლევა და ქვეყანა უნდა იყოს უფრო აქტიური და ამბიციური, რათა ნატო-სკენ მიმავალი გზა შემოკლდეს.

მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება: ნატოს კომუნიკე

ფხალაძე აღნიშნავს, რომ ეს შედეგი არის მაქსიმუმი, რაც ახლა, ამ ტიპის სამიტიდან შეიძლებოდა ქვეყანას წამოეღო და აცხადებს, რომ სამსაათიანი სამიტის დღის წესრიგში საქართველოს მოხვედრა განსაკუთრებული გარღვევა არა, თუმცა მნიშვნელოვანია:

“ამ კონცეფციაში სიახლე არის ის, რომ ძალიან ნათლად აფიქსირებს ხედვას ჩვენი რეგიონისადმი. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული აქტიურობის სივრცეს ხსნის, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ორივე დოკუმენტი – კონცეფციაც და კომუნიკეც აფიქსირებს ხედვას რუსეთთან მიმართებში და იმ პოლიტიკის მიუღებლობას, რომელიც რუსეთს აქვს. შემდეგ კი გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, რაც მოხდა საქართველოსა და უკრაინისთან მიმართებაში აღარასდროს უნდა განმეორდეს. ეს დოკუმენტი ასევე აფიქსირებს ღია კარის პოლიტიკას, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

სამი ფაქტორი არის მნიშვნელოვანი. პირველი, ხედვა შავი ზღვისადმი, ხედვა გაფართოებისადმი და ხედვა რუსეთისადმი. ეს არის მნიშვნელოვანი, რომელიც გვაძლევს სერიოზულ სივრცეს იმისთვის, რომ ვიყოთ აქტიურები. ის,რომ სამსაათიან სამიტში, საქართველო მოხვდა დღის წესრიგში, თავისთავად ცხადია,რომ ეს ჩვენთვის კარგია. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებული გარღვევაა, თუმცა მნიშვნელოვანია. ეს არის მაქსიმუმი, რაც ახლა, ამ ტიპის სამიტიდან შეიძლებოდა წამოგვეღო.

ასევე სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ეს იყო ერთადერთი სამიტი, სადაც საქართველო არ მიიწვიეს. ჩვენ ასეთი პრეცედენტები გვქონდა და როგორც წესი, ეს ემთხვევა ხოლმე აშშ-ს ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ცვლილებას. მაგალითისთვის, 2017 წელს ანალოგიური მინი სამიტი მოითხოვა ტრამპმა, სადაც იყვნენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები. ასეთივე ფორმატი იყო ახლა და მხოლოდ ალიანსის წევრები იყვნენ, იქ არც ერთი პარტნიორი არ იყო. იქ რომ ყოფილიყო რომელიმე სხვა პარტნიორი და არ ყოფილიყო საქართველო, მაშინ ეს იქნებოდა დაკნინება. აქ კი, დაკნინება არ ყოფილა და პირიქით, საქართველოს საკითხზე იმსჯელეს და ხაზგასმულია ჩვენი როლი. რა თქმა უნდა, ამან თვითკმაყოფილების საშუალება არ უნდა მოგვცეს და უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები და ამბიციურები, რათა ნატო-სკენ გზა შევამოკლოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ პესიმისტები, რადგან ეს დოკუმენტი პესიმიზმის საფუძველს არ იძლევა.” – განაცხადა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, ნატოს სამიტი გუშინ გაიხსნა. ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში საუბარია საქართველოზე და მხარდამჭერ პოლიტიკაზე. კომუნიკეში ნათქვამია, რომ მიესალმებიან ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას და მხარს უჭერენ მის სრულ განხორციელებას.