“ჩვენი აქტიური მუშაობით მოვახერხეთ, რომ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს საკითხი ნატო-ს სამიტის დღის წესრიგშია შეტანილი,” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ნატო-ს პარტნიორები საქართველოს განიხილავენ, როგორც საერთო ღირებულებების მატარებელ ქვეყანას.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები მაქსიმალურად გამოიყენეს იმსითვის, რომ ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში საქართველოს პროგრესი შესაბამისად ყოფილიყო ასახული:
“მოგეხსენებათ, დღეს გაიმართება ნატო-ს სამიტი. ეს გახლავთ სამიტი, რომელიც განსხვავებული ფორმატით იმართება და ერთგვარად არის მოსამზადებელი 2022 წლის ნატო-ს სრულმასშტაბიანი სამიტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის განსხვავებული ფორმატის სამიტი და არც ერთი პარტნიორი ქვეყანა სამიტზე არ არის მიპატიჟებული, ჩვენი აქტიური მუშაობით მოვახერხეთ, რომ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს საკითხი არის შეტანილი ნატო-ს სამიტის დღის წესრიგში, რომლის სათაური გახლავთ საერთაშორისო წესრიგზე დაფუძნებული საერთაშორისო დღის წესრიგი. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ნატო-ს პარტნიორები განიხილავენ, როგორც საერთო ღირებულებების მატარებელ ქვეყანას, რომელიც არის წარმატებული ასპირანტი, ქვეყანას, რომლის საბოლოო მიზანია წევრობა.
მნიშვნელოვანია, რომ ჩატარებული საბოლოო ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად, ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, პრემიერ-მინისტრის, ჩემი ვიზიტები ცალკე, ასევე თბილისში ვიზიტები, ჩვენი მხრიდან ძირითადად, მაქსიმალურად გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ჩვენი თემატიკა, საქართველოს პროგრესი ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში შესაბამისად ყოფილიყო ასახული.” – განაცხადა მინისტრმა.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ყველა ის ძირითადი პრიორიტეტი, რომელიც საქართველოს ალიანსში წევრობას უკავშირდება, სამიტის დეკლარაციაში აისახება:
“მაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ სულ რამდენიმე საათში იხილავთ ტექსტს, რომ ტექსტი არის ძალიან კარგი, ტექსტში არის ასახული ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით. მაქვს მოლოდინი, რომ გამეორებული იქნება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. იქნება საუბარი ოკუპაციასთან დაკავშირებით და რომ რუსეთის ფედერაციამ აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.
იქნება ძალიან მკაფიო გზავნილები რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ხაზგასმა იქნება, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის და ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება იქნება გამახვილებული შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე. ანუ ყველა ის ძირითადი პრიორიტეტი, რაც არის ჩვენს წევრობასთან დაკავშირებული, ასახული იქნება სამიტის დეკლარაციაში.” – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი იმართება.
ცოტა ხნის წინ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მარშალის ფონდის ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, თუმცა კონკრეტული თარიღი განსაზღვრული არ არის და ამაზე საუბარი არც მიმდინარე სამიტზე იქნება.