კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი საშუალო სიმძიმის. ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმი, ალექსანდრე მხარგრძელი აცხადებს.
მისი თქმით, ამჟამად, მათ კლინიკაში 4 პაციენტი რჩება.
მართვით სუნთქვაზე არც ერთი იმყოფება.
„სამის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, ერთის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ორ პაციენტთან იგეგმება დღეს ოპერაციული ჩარევა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. გრძელდება ინტენსიური მოვლა და მკურნალობა. პაციენტები არიან ზოგადი პოლიტრავმის დიაგნოზით შემოსული. მართვის სუნთქვაზე ამჟამად არც ერთი არ იმყოფება. ოთხივე მათგანი არის კონტაქტური. ჯერჯერობით საყურადღებო მდგომარეობაა“, – ექიმის აღნიშნულ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა კრწანისის ქუჩაზე გუშინ მოხდა.
სატვირთო მანქანა ჯერ მსუბუქ ავტომობილს დაეცა, რომელშიც ადამიანები ისხდნენ, შემდეგ კი ავტომობილებთან და ხალხთან ერთად საავადმყოფოს ეზოში გადავარდა.
ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა, რვა პირი კი დაშავდა.