LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსი იაფად, ჭკვიანი ბალიში და ოჯახი – როგორ ვაქციოთ იდეა სტარტაპად

197

ინოვაციური იდეის წარმატებულ სტარტაპად ჩამოყალიბებისათვის, საქართველოში ახალი შესაძლებლობა გაჩნდა. საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის – Startup Factory- ის ბაზაზე საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებული სტარტაპ აქსელერატორი ამოქმედდა. აქსელერაციის პროგრამა შეადგინა და მის შემდგომ მენეჯმენტს, კომპანია Future Laboratory ახორციელებს და ის დამყარებულია წამყვანი ამერიკული აქსელერატორის 500 Startup მუშაობის პრინციპებზე.

პროგრამას სახელმწიფო პროექტის ”სტარტაპ საქართველოს” ავტორი ირაკლი ქაშიბაძე და 500 Startup-ის აქსელერაციის პროგრამის სერტიფიცირებული ტრენერი, გიორგი ხაჩიძე უძღვებიან.

აქსელერაცია ითვალისწინებს 3 თვიან აქტიური ხელშეწყობის პროცესს, სადაც ინოვაციური იდეების მქონე გუნდები ემზადებიან კონკრეტული პირველადი პროდუქტით ბაზარზე გასასვლელად.

როგორც ”ფორტუნას” Future Laboratory-დან აცნობეს, 3 თვის განმავლობაში სტარტაპები მიიღებენ შესაძლებლობას, გაიარონ ტრენინგები წამყვანი სპეციალისტებისაგან, მიიღონ რჩევები მენტორებისაგან, გაირონ კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან და საკითხებზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან, დაუკავშირდნენ ტექნიკურ სპეციალისტებს და იმუშაონ სტარტაპის ბიზნეს მოდელის და პირველადი პროდუქტის დახვეწაზე.

”უკვე დადასტურებულია, რომ ერთ-ერთი უცხოური საინვესტიციო ფონდის მიერ, რომელიც ინვესტიციებს დამწყებ სტარტაპებში ახორციელებს, Startup Factory-ის 3 სტარტაპს დააფინანსებს 5-დან-10 ათას ევრომდე თანხით. აღნიშნული ფონდი არ იქნება ერთადერთი ინვესტორი Startup Factory-ის დამწყებ  სტარტაპებში. 15 აპრილს სხვა ქართველი და უცხოური ინვესტორები ”დემოდღის” ფარგლებში სტარტაპების შედეგებს მოისმენენ და თანამშრომლობის გადაწყვეტილებებს მიიღებენ”, – აცხადებენ Future Laboratory-ში.

მათივე ცნობით, სტარტაპების შერჩევა საკმაოდ გაჭირდა რადგან ბევრი საინტერესო პროექტი შემოვიდა, სულ ჯამში 11 სტარტაპი შეირჩა, რომელიც სხვა და სხვა მიმართულებით აპირებს ინოვაციის წარდგენას ბაზარზე.

  • Total Traffic Management – ეს სტარტაპი ემსახურება საზოგადოებრივი, პირადი ასევე სამსახურეობრივი ტრანსპორტის სიჩქარის მონიტორინგს და მის დინამიურ რეგულირებას.
  • ,,ოჯახი” – სტარტაპი, რომლის აპლიკაცია დაგეხმარებათ, ორსულობის და შემდგომ პერიოდებში, მათ შორის ბავშვის აღზრდის პროცესში მაქსიმალურად ეფექტურად გაუმკლავდეთ წარმოქმნილ პრობლემებს, დაარეგულიროთ ისინი ეფექტურად, მიიღოთ შესაბამისი სიტუაციური რჩევები.
  • Spy Recipe – ნებისმიერ კერძს სჭირდება სუნელები, ეს სტარტაპი გვთავაზობთ შეზავებულ სუნელებს, ასევე უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ საინტერესო გადაწყვეტებს, თუ, როგორ გახადოთ სახლში კერძების დამზადების პროცესი ეფექტური და გემრიელი.
  • T’winers – სტარტაპი, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს ისარგებლონ ტაქსებით შეღავათიან ფასებში, ასევე მნიშვნელოვნად მოახდენს საქალაქო მოძრაობის განტვირთვას.
  • DR Pillow (DR-Dreaming-Reality) – არის ჭკვიანი ბალიში, რომელიც საშუალებას გვაძლევს ინტერაქციაში შევიდეთ და ვმართოთ ჩვენი სიზმრები.
  • Mima, Global Brain – ინოვაციური აპლიკაცია, რომელიც ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემას ჭრის მათვის, ვინც იმყოფება მომავალი სპეციალობის, სასწავლებლის და გაცვლითი პროგრამის შერჩევის პროცესში.
  • Visual Hub – სტარტაპი, რომელიც გვთავაზობს ბრენდინგს და აღნიშნული პროცესის ავტომატიზაციას.
  • ჰარი – აპლიკაცია/პლატფორმა, რომელიც ქალაქთშორისი მგზავრობის მსურველებს დაეხმარებათ თანხების დაზოგვასა და კომფორტულად მგზავრობაში.
  • Kangaroo Roger – სტარტაპი გვთავაზობს, ისეთი რთული საქმის თავის თავზე აღებას, როგორიცაა საჩუქრების შერჩევა ეფექტურად.
  • Fitcard- სტარტაპის მთავარი ამოცანაა, შექმნას უნიკალური მომსახურება, რომლის მეშვეობითაც 1 ბარათით ჯანსაღი ცხოვრება უფრო ხელმისაწვდომი გახდება. აპლიკაცია ასევე ხელს შეუწყობს ადამიანის დანახარჯების შემცირებას და დროის ოპტიმიზაციას.
  • გამოდი – აპლიკაცია, რომელიც დაეხმარება ხალხს იპოვონ თანამოაზრეები, ასევე ინფრასტრუქტურა სპორტული თამაშების ორგანიზებისათვის.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები