„ნინოწმინდის პანსიონატში მარტო ცუდი ხომ არ მომხდარა… დიდი საქმეც კეთდებოდა, ბავშვები უპატრონოდ არ ეყარნენ“, – ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა. მისი განმარტებით, „რეალურად პრობლემა იჭრებოდა, მაგრამ, რა საკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ, იმ დარღვევებზე, რომელზეც საუბარია“.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სახალხო დამცველისა და მონიტორინგის ნებისმიერი სხვა საშუალებებისთვის ხელის შეშლა არ იყო ნორმალური მდგომარეობა.
მისივე განცხადებით, ბავშვების საუკეთესო ინტერესი ახლა მოითხოვს, რომ კონკრეტულ ფაქტებზე საუბარი არ იყოს, რათა არ მოხდეს ბავშვების სტიგმატიზება.
ნინოწმინდის პანსიონის დახურვა არ იგეგმება – საპატრიარქოს იურისტი
„ჩვენი საზრუნავია, ჩვენი საკეთებელია, მთელი სახელმწიფო აპარატის, რომ სრულფასოვანი მონიტორინგი, უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ხორციელდებოდეს, ნინოწმინდაში იქნება თუ ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც არ უნდა იყოს ეს. ასეთი ხელშეშლა სახალხო დამცველისთვის ან მონიტორინგის ნებისმიერი მექანიზმისთვის, რა საკვირველია, არ არის ნორმალური მდგომარეობა. ეს ჩემი სიტყვები არ მინდა ისე იყოს გაგებული, როგორც რომელიმე მხარეს დადგომა ან წინააღმდეგობა, რომელიმე მხარესთან. სახალხო დამცველზე არ გამიჭირდება არც საყვედურის თქმა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მას აქვს უფლება, რა საკვირველია, რომ ეს გააკონტროლოს. იგივე შემიძლია ვთქვა ეკლესიასთან მიმართებით, რომელიც ამ საქმეს მოთავეობს, რასაც ჰქვია ნინოწმინდის პანსიონი. იქ ხომ მარტო ცუდი არ მომხდარა, იქ ხომ დიდი საქმეც კეთდებოდა, თუნდაც ის, რომ ბავშვები უპატრონოდ არ ეყარნენ და რეალურად ეს პრობლემა იჭრებოდა, მაგრამ, რა საკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კარგი მოდელია ან თვალი უნდა დავხუჭოთ, თუნდაც ბევრი სიკეთის გამო, იმ დარღვევებზე, რომელზეც საუბარია.
პრობლემები არის იმ მიმართულებით, რომ არის კონცეპტუალური ხედვების განსხვავება, მაგალითად, აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით.
ბავშვის საუკეთესო ინტერესი ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, ნებისმიერი სხვა პრიორიტეტი ინაცვლებს მეორე პლანზე, როდესაც საუბარი გვაქვს ბავშვის ინტერესზე. ამაში, არ მგონია, რომ ვინმე შემეწინააღმდეგოს. ამ წუთას ბავშვის საუკეთესო ინტერესი მოითხოვს იმას, რომ მაგალითად სტიგმატიზაციის თავიდან ასარიდებლად, კონკრეტულ ფაქტებზე საუბარი არ იყოს, მაგრამ მე ვიტყვი გაბედულად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე, იქ არის მდგომარეობა, რომელიც საჭიროებდა რეაგირებას ყველა შემთხვევაში.
ჩვენი ყველას ბრალია რაც მოხდა, სახალხო დამცველიდან დაწყებული ჩემით პირადად დასრულებული. იმიტომ, რომ, ალბათ, შეიძლებოდა, უფრო ადრე რაღაც გაგვეკეთებინა ყველას ერთად, მაგრამ ის, რომ დღეს პრობლემური იქ ნამდვილად არაფერი ხდება, ეს არის ფაქტი და ეს არის კარგი და ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ თუნდაც ნებისმიერი სამართალდარღვევა, რომელზეც საუბარი იყო, სრულფასოვნად გამოძიებული და შესწავლილი იქნას,“- განაცხადა სარჯველაძემ.
დაუყოვნებლივ მოხდეს სახალხო დამცველის შეშვება ნინოწმინდის სკოლაში: UNDP-ის ხელმძღვანელი