საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი ქართული ავიაკომპანია იწყებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, AK-AIR GEORGIA-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცა.
ავიაკომპანიას უფლება ეძლევა განახორციელოს 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის კომერციული ექსპლუატაცია. ამ ეტაპზე AK-AIR GEORGIA-ს საკუთრებაში ერთი ერთეული L410UVP E ტიპის საჰაერო ხომალდი იმყოფება, რომლითაც კომპანია ადგილობრივი სამგზავრო რეისების განხორციელებას გეგმავს. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო.
საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისათვის აუცილებელი სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულების შემდგომ, სააგენტოს მიერ განხორციელდა ავიაკომპანია AK-AIR GEORGIA-ს ფინანსური მდგომარეობის შეფასება, რაც წარმოადგენს მგზავრთა უფლებებისა და ფრენების უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივი რეგულირების ახალ, დამატებით მექანიზმს.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, რომელიც ავიაკომპანიას 31 იანვარს მიენიჭა, ადასტურებს AK-AIR GEORGIA-ს ფინანსურ საიმედოობას, არსებული და მის მიერ პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. ავიაგადამზიდველი აგრეთვე აკმაყოფილებს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესით” გათვალისწინებულ მოთხოვნებს მგზავრის, ბარგის, ტვირთის და მესამე პირების მიმართ.