„საქართველოს კანონის უზენაესობის მიმართ მეტი ნდობის განმტკიცება და გამჭვირვალობა სჭირდება, რისთვისაც 19 აპრილის შეთანხმება ერთგვარი საგზაო რუკაა”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელი განაცხადა.
როგორც ჰარცელმა აღნიშნა, რეფორმებზე მუშაობის ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს.
„ბევრი შედეგია ისეთი, რაც კმაყოფილების საფუძველს გვაძლევს. უდავოდ, ეს ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მეტი გამჭვირვალობა და ნდობა იქნება, როგორც სასამართლოს სისტემის, ისე უფრო ფართოდ, კანონის უზენაესობის მიმართულებით.
სწორედ ამიტომ, 19 აპრილის შეთანხმებაში ასახულია ის ძირითადი საკითხები, რომელზე მუშაობაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რამდენადაც 19 აპრილის დოკუმენტი არის ის საგზაო რუკა, რომლითაც მომავალი რეფორმების დასრულებაში უნდა ვიხელმძღვანელოთ.
კანონის უზენაესობის მიმართ მეტი ნდობის განმტკიცება, მეტი გამჭვირვალობა და მეტი ანგარიშვალდებულება არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება და რასაც ამ ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ,“ – დასძინა კარლ ჰარცელმა.