LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომში წასული სატრფოსავით ველოდები – როგორ დავიცვათ თავი თაღლითი ხელოსნებისგან

ქვეყანაში, სადაც მომსახურების სფერო ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, თაღლითობის, არაპროფესიონალიზმის და გულგრილობის მსხვერპლი შეიძლება, გახდეთ.  საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში ერთი და იგივე პიროვნება ელექტრიკოსად,  სანტექნიკოსად და მშენებლადაც  შეიძლება, მოგვევლინოს.

ხშირად ხარისხის გარანტიას არათუ ინდივიდუალური ხელოსნები,  კონკრეტული სამშენებლო კომპანიებიც ვერ იძლევიან. მაშინ, როცა ქვეყნის ბიუჯეტიდან მეოთხედმილიონად დაფინანსებული და ექსპერტიზაგავლილი მეტროს ჭერი მოქალაქეებს თავზე ემხობა, თქვენს შეკიდულ ჭერზე ან აშენებულ სახლზე გარანტია კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

ქართულ რეალობაში  ხელოსნებთან მიმართებაში  თაღლითობის 3 ძირითადი სცენარი არსებობს.  

სცენარი 1.  წინასწარ ფულის გადახდის შემდეგ ხელოსანს „ეღუპება“ახლობელი , ოჯახის წევრი და იკარგება …

სცენარი 2.  იწყებს საქმეს , იღებს ანაზღაურების  ნაწილს ან სრულად თანხას და შემდეგ იკარგება…

სცენარი 3.  ხელოსანი საქმეს ასრულებს, იღებს ანაზღაურებას და მისი წასვლიდან მოკლე პერიოდში ხელში ხან კარადის კარი შეგრჩებათ, ხან აბაზანის ფილა….

თუ ეს სიტუაციები არ გეცნობათ, ჩათვალეთ, გაგიმართლათ და კეთილსინდისიერი ხელოსანი შეგხვდათ.  

მშენებლობის,  რემონტის ან ავეჯის დამზადების შემთხვევაში, მომხმარებელთა უმრავლესობა გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ რეკომენდაციებს ეფუძნება, რაც ვერც შესრულებული სამუშაოს და ვერც ხარისხის გარანტიად ვერ გამოდგება. ფინანსური და მორალური ზარალისგან თავდაცვის გარანტია მხოლოდ ხელშეკრულება შეიძლება, იყოს, რასაც საქართველოში იშვიათად მიმართავენ.

კერძო სამართლის სპეციალისტის, იურისტ თამარ კერძაიას, რჩევით, სასურველია, ხელოსნის ნებისმიერ მომსახურებაზე  – რემონტი, მშენებლობა,  შეკეთება , დამზადება, ხელშეკრულების გაფორმება.  

„ხელოსანთან  დოკუმენტის  ამ ფორმას ნარდობის ხელშეკრულება ეწოდება და კანონით რეგულირდება. ხელოსანთან ხელშეკრულების დასადებად არ არის სავალდებულო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმება. შესაძლებელია, მოიძიოთ  ხელშეკრულების ფორმა ან ჩვეულებრივ ფურცელზე  ჩამოვწეროთ პირობები  – ხარისხი, ვადა, გარანტია და ა.შ. და მოვაწერინოთ ხელშეკრულებაზე ხელოსანს ხელი. თუ რაიმე გამოგვრჩება ნარდობის ხელშეკრულებაში, კანონით გაწერილი ნორმებით დარეგულირდება. მსგავსად შეიძლება გაფორმდეს თანხის გადახდაც.  თუ არ ხდება ანაზღაურება საბანკო გადარიცხვით ან ვერ მიიღებთ ქვითარს , აუცილებელია, დაწეროთ  ფურცელზე დრო,  თანხის ოდენობა და  ხელი მოაწეროს ხელოსანმა. ეს შემდეგ დამადასტურებელ დოკუმენტად გამოდგება,“ –  განმარტავს „ფორტუნასთან“ იურისტი თამარ კერძაია

მომსახურების მიღებამდე ხელოსანთან ზეპირი შეთანხმებაც ხელშეკრულებად ითვლება,  თუმცა, პრობლემის არსებობის შემთხვევაში, სასამართლოში  მტკიცება  გაცილებით რთულდება.  სჭირდება მოწმეები, ქვითრები,  ვიდეოკამერის ჩანაწერი ან ნებისმიერი რამ,  რაც თქვენი და ხელოსნის მოლაპარაკების დეტალებს დაადასტურებს.

ნებისმიერ შემთხვევაში,  თუ თაღლითობის მსხვერპლი გახდით, შეგიძლიათ, სასამართლოს მიმართოთ.  საქმის წარმოებისთვის   დაწესებულ სახელმწიფო ბაჟს, რომელიც სადავო თანხის 3%-ია, წაგებული მხარე გადაიხდის. თუ სასამართლოს ნაცვლად არბიტრაჯს მიმართავთ,  დავა სასამართლოსთან შედარებით მოკლე ვადაში გადაიჭრება.

 

 

თამუნა გოგუაძე 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები