დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ბ.ო. დააკავეს.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, გამთენისას, თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, 1986 წელს დაბადებულმა ბ.ო.-მ დისკრიმინაციული მოტივით, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალი მირანდა ფაღავა აცხადებს, რომ მისთვის უცნობმა პირმა ვაკის პარკთან სცემა. როგორც ფაღავა სოციალურ ქსელში წერს, სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა თავდასხმელმა მას რამდენიმეჯერ რკინის დაფა ჩაარტყა.