LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატოში გაწევრიანება ორი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია: რაზე ისაუბრეს კუჭავამ და შმიგალმა

43
Untitled design

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საქართველოში ვიზიტით მყოფ უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს.

კუჭავამ და შმიგალმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ასევე სამმხრივი საპარლამენტო ასამბლეის ფორმატის გააქტიურებაზე ისაუბრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ალიანსში გაწევრიანება ორი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

კახა კუჭავამ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესში მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობასა და იმ განაცხადზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს.

შეხვედრაზე უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებსა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზეც ისაუბრეს:

“უკრაინის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა, რომ უკრაინა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას აქტიურად გააგრძელებს. აღინიშნა პოსტპანდემიურ პერიოდში სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის აღდგენისა და ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები და მნიშვნელობა.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღესვე, შმიგალმა კახა კუჭავასთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი და ნატო უკრაინისა და საქართველოს საერთო მიზანია და შეხვედრაზე სწორედ მიზნის მიღწევის გზები დასახეს:

“ევროკავშირი და ნატო უკრაინის და საქართველოს საერთო მიზანია და ჩვენ ამ მიზნისკენ ერთად უნდა ვიმოძრაოთ. კახა კუჭავასთან შეხვედრაზე ჩვენი მიზნის მიღწევის გზები დავსახეთ. მადლიერი ვართ უკრაინელი და ქართველი ხალხის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივების მხარდაჭერისთვის.” – წერია უკრაინის პრემიერის ტვიტში.

დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი ქვეყნების შესვლა მხოლოდ დროის საკითხია, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ: დენის შმიგალი