LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსერვატორიის სამუსიკო სემინარია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონცერტებს გამართავს

1042
seminaria345

კონსერვატორიის სამუსიკო სემინარია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონცერტებს გამართავს. პირველი კონცერტი კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდება 31 მაისს, 19:00 საათზე რეგულაციების დაცვით და მასში მონაწილეობას მიიღებენ სემინარიის მოსწავლეები. სემინარიელები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით წარსდგებიან.

2009 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაზაზე დაფუძნდა 11-წლიანი სამუსიკო სკოლა სახელწოდებით სემინარია, რომლის შექმნის იდეაც ეკუთვნოდა კონსერვატორიის პროფესორ მანანა დოიჯაშვილს. 2010 წელს კი მას შეუერთდა განათლების სისტემის სტანდარტების შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რითაც სამუსიკო სემინარიამ აღადგინა სამუსიკო განათლების ის ტრადიცია, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან არსებობდა – ინტეგრირებული სწავლების პრინციპი.

სემინარიაში ბავშვები სწავლობენ საფორტეპიანო, სიმებიან, ჩასაბერ, დასარტყამ, საგუნდო-სადირიჟორო, თეორიულ და საკომპოზიციო განყოფილებებზე, პარალელურად კი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ”ჩვენი სკოლა” ისწავლება ყველა საგანი განათლების ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ სემინარიაში ფუნქციონიერბს პანსიონის პროგრამა, რომელიც 2012 წლიდან ხორციელდება საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. ამ პროგრამის ფარგლებში სამუსიკო სემინარიასა და „ჩვენს სკოლაში“ სწავლობენ საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან შერჩეული მუსიკალური ნიჭის მქონე ბავშვები, ცხოვრობენ თბილისში საგანგებოდ შერჩეულ ოჯახებში და უფასოდ იღებენ მუსიკაურ და ზოგად განათლებას.

კონცერტების პარალელურად, კონსერვატორიის სამუსიკო სემინარია და ”ჩვენი სკოლა” აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის საფორტეპიანო, სიმებიან, ჩასაბერ, დასარტყამ, თეორიულ და საკომპოზიციო განყოფილებებზე.  

საბუთების მიღება იწარმოებს 7 ივნისის ჩათვლით, მისაღები გამოცდა კი ჩატარდება 10 ივნისს.