LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ პოლიციაზე ძალადობა მოხდება, კანონიერი უფლება აქვთ „სპრეი-გაზი“ და წყლის ჭავლი გამოიყენონ: შს მინისტრი რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე

77
ვახტანგ გომელაური

„რკინის ჯებირები დაგვჭირდება, დაბალი ჯებირები, თუ რაც დაგვჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება,“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა  „ნამოხვანჰესის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც შს მინისტრმა თქვა, პროტესტის მონაწილეებს რიონის ხეობაში შესვლის უფლებას მეტი დაძაბულობის თავიდან არიდების მიზნით არ აძლევს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები რკინის ჯებირებს მიღმა გადავლენ, შესაძლოა დაპირისპირება მოხდეს და მოქალაქეები დაშავდნენ.

„თქვენ იცით, რომ იქ, ერთხელ, შიგნით ტექნიკა დაუწვეს, მოხდა შეხლა-შემოხლა მუშებთან და „ენკას“ ფირმის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. აქედან გამომდინარე, რომ შევუშვათ შეიძლება კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა მოხდეს, შეიძლება შიგნით მოქალაქეები კიდეც დაშავდნენ,“ – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ  საჭიროების შემთხვევაში, სპეცრაზმს შეუძლია ყველაფერი გამოიყენოს, მათ შორის წყლის ჭავლიც.

„სპეცდანიშნულების რაზმს რაც აქვთ აღჭურვილობა, მათ შორის, იქნება ეს „სპრეი-გაზი“ თუ წყლის ჭავლი, თუ საჭირო იქნება და თუ პოლიციაზე ძალადობა მოხდება, მათ კანონიერი უფლება აქვთ ყველაფერი გამოიყენონ,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.