Ryanair-ის თვითმფრინავმა ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ირლანდიური ავიაკომპანია დუბლინი-კრაკოვის რეისს ასრულებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ბერლინის ფედერალური პოლიცია მივიდა. მათ თვითმფრინავის უსაფრთხოება შეამოწმეს, მაგრამ ვერანაირი საფრთხე ვერ აღმოაჩინეს.
„მგზავრები პოლონეთის მიმართულებით მგზავრობას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებენ”, – განაცხადა ბერლინის პოლიციის პრესსპიკერმა.
თვითმფრინავის ავარიულად დაშვების გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, რეისის გადამისამართება ბორტზე ბომბის არსებობის საფრთხის გამო მოხდა.