უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო სახმელეთო საზღვრებს პირველი ივნისიდან გახსნის. აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი. აქვე გაცემულია რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ შემთვევებსაც“, – აღნიშნა ღიბრაძემ.
გარდა ამისა, გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით, 1-ლი ივნისიდან შეზღუდვები სრულად მოიხსნება რესტორნებთან მიმართებაშიც და ისინი სტუმრებს დახურულ სივრცეშიც მიიღებენ.
„კვების ობიექტებს აქვთ უფლება, შაბათ-კვირას, სტუმრები მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.