LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოლეთიანმა მითხრა, ჩემი დაწყებული კამპანიაა და მე უნდა მივყვე ბოლომდეო, აქციასთან დაკავშირებით არც ერთი ლარი არ გამიღია: ბიზნესმენი ძოწენიძის პოზიცია

105
ილია ძოწენიძე

“ეს სიცრუეა, არც ერთი ლარი, ღმერთის წინაშე გეუბნებით, ამ აქციასთან დაკავშირებით, მე არ გამიღია,” – ამ წუთებში, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე  ილია ძოწენიძე იმყოფება, ადამიანი რომელიც რუსეთში საქმიანობს, და რომელსაც, ბოლო პერიოდში ხშირად აკავშირებენ “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეების პროტესტთან და ამბობენ, რომ აქციას სწორედ ის აფინანსებს.

ვინ არის რუსეთიდან მოვლენილი ბიზნესმენი, რომელიც ბოჟაძის თქმით, „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციას აფინანსებს – რა ინფორმაციას ავრცელებს ანალიტიკოსი

ილია ძოწენიძემ “ფორტუნას” დასმულ კითხვებს უპასუხა, თქვა რომ ბიზნესმენი არ არის, მუშაობდა გაზპრომში, მოსკოვში არანაირი ბიზნესი არ გააჩნია და თქვა, რომ აქციაზე სპეციალურად ჩამოვიდა და იმყოფება როგორც რიონის ხეობის რიგითი მაცხოვრებელი და არ უჭერს მხარს აღნიშნული ჰესის მშენებლობას.

ძოწენიძე ასევე განმარტავს, თუ რასთან დაკავშირებით ისაუბრა “რიონის ხეობის მცველების” ორგანიზატორთან ვარლამ გოლეთიანთან და ამბობს, რომ ჩქარი ნაბიჯების გადადგმა არ შეიძლება და აუცილებელია მთავრობასთან შეხვედრა და თათბირი.

“მე ვარ მცხოვრები რიონის ხეობიდან, რაც ხდება დღეს, ჩემთვის ეს ყველაფერი მიუღებელია, ეს რა არის, მე არ მესმის, კარგი, ეს ჰესი აშენდეს და შედეგი რა არის? რა სარგებლობას იღებს ქვეყანა? რა კეთდება, რა არის, მე ამ საკითხებთან დაკავშრებით საერთოდ დაბნეული ვარ. მე ვეთანხმები იმას, რომ არ მინდა ჰესის აშენება, ისედაც დანგრეულია ქვეყანა, მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ვისაც ეს აინტერესებს, სხვა საშუალებით არ იყო, რომ დენი გამოეშვა საქართველოს და მიეწოდებინა იმდენი კილოვატი? რატომ რუსეთმა არ გააკეთა ეს, რატომ შვეიცარიელებმა არ გააკეთეს, რატომ გააკეთა თურქულმა კომპანიამ?” – თქვა ძოწენიძემ.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა გავრცელებულ აუდიოჩანაწერს და ვარლამ გოლეთიანთან საუბარს, ამბობს:

“კი ვეკითხებოდი, რა ხდება, როგორ, რანაირად არის, არაფერი ინფორმაცია მაგ ბიჭისგან… ერთადერთი მე მითხრა ის, რომ ჩემი დაწყებული კამპანიაა და მე უნდა მივყვე ბოლომდე, თქვენ როგორც რიგითი მოქალაქე დამიდექით გვერდითო, აი ეს, მეტი არაფერი არ ყოფილა”.

უჭერს თუ არა მხარს აქციას, ამბობს, რომ:

“არა, რატომ არ ვუჭერ და რა გითხრათ? მე ვუთხარი ვარლამს მობილიზაცია როგორ კეთდება ხოლმე და აი ჩანაწერებიდანაც ჩანს, რომ მე არ მაინტერესებს ბევრი ხალხი, ვისაც უნდა მოვიდესო და ვისაც არ უნდა არ მოვიდესო, თუ გაქვთ საშუალება წამოდითო, თუ არადა კარგად იყავით სულ ყველაო. მე რატომ ვარ აქ? ყველაფერს ვხედავ რა ხდება და ხვალიდან, ზეგიდან მივიღებ გადაწყვეტილებას, რა უნდა გავაკეთოთ, ჯერ ვერ გეტყვით, დავუფიქრდები. მე არ მიყვარს გადაუდგმელი ნაბიჯი და ტრაბახი, ამას ვიზამ, იმას ვიზამ, მე თუ რამეს ვიტყვი, ალბათ იმის თავიც მაქვს და იმას გავაკეთებ.” – ამბობს ის.

კითხვაზე, არის თუ არა სწორი ქალაქის პიკეტირება ამბობს, რომ არასწორია, ხოლო შეკითხვაზე, თუ როგორ აპირებს მოქმედებას, აცხადებს, რომ ამას მალე დაინახავენ.

ილია ძოწენიძე აქციის მონაწილეების ულტიმატუმზეც საუბრობს და ამბობს, რომ არ ეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმა, რომელთაც ჰესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აკისრიათ, პასუხიც შესაბამისად უნდა აგონ:

“ჩემი ქვეყანაა, ჩემი სამშობლოა, ძალიან ხშირად დავდივარ მე და გული მტკივა ყველაფერზე, რაც დღეს საქართველოში ხდება. ამას უნდა დავუფიქრდეთ, ავწონ-დავწონოთ, ასე ჩქარი ნაბიჯების გადადგმა როგორ შეიძლება, მე ვარ და ჩემი გუდა ნაბადი? უნდა იყოს მისვლა-მოსვლა, მთავრობასთან შეხვედრა, თათბირი.

გახარია ციხეში, მაჭავარიანი, რომ წაბრძანდა – ციხეში, ქალბატონი ეკა წულუკიანი ციხეში და ყველა ის ადამიანი ციხეში, ვინც რიონის ხეობის დანგრევაში მონაწილეობა მიიღო” – თქვა ილია ძოწენიძემ.

შეგახსენებთ, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა 23 მაისს თბილისში მასშტაბური აქცია გამართეს, დედაქალაქში შეკრებილმა მოქალაქეებმა ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ვადა დღეს, 12:00 საათამდე მისცეს, კარვები გაშალეს და აღნიშნეს, რომ პროტესტი გრძელდება.