LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნება მსვლელობა, პიკეტირება.. თბილისის ქუჩები აუცილებლად გადაიკეტება: ვარლამ გოლეთიანი

76
ვარლამ გოლეთიანი

“რიონის ხეობის” მცველის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, “ნამოხვანჰესის” წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო ტალღის ფარგლებში, თბილისისი ქუჩები გადაიკეტება. მისი განცხადებით, “რიონის ხეობის” მცველებს აღარ რჩებათ სივრცე იყვნენ კიდევ იმავე პოზიციაში, რომელშიც 209 დღის განმავლობაში იყვნენ.

ამდენად, როგორც გოლეთიანმა ჟურნალისტებს უთხრა, მცველები გადავლენ ქმედების ისეთ ფორმებზე, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს, შეცვალოს თავისი არასწორი დამოკიდებულება და პოზიცია.

“ქმედებებში იგულისხმება მსვლელობა, პიკეტირება და ა.შ. თუმცა, უფრო დეტალურად გეგმის შესახებ დღეს, საზოგადოებას ინფორმაციას ტრიბუნიდან გავაცნობთ,” – განაცხადა გოლეთიანმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანი არ არის ის, თუ რომელი ქუჩა გადაიკეტება კონკრეტულად, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ აუცილებლად გადაიკეტება და ეს პროცესები გაგრძელდება.

„ან აქ ან სხვაგან, იგივე რიონის ხეობაში, ვიდრე ეს პრობლემა  საზოგადოების სასარგებლოდ არ გადაწყდება“.

მანამდე კი, როგორც ეს “რიონის ხეობის” მცველმა თქვა, აქამდე დასახელებულ გეგმებს გაჰყვებიან. გოლეთიანმა დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, რომ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ.

„გვინდა, რომ მოვუწოდოთ განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლეობას, რომ შემოგვიერთდნენ, რათა კიდევ უფრო მეტი ვიყოთ, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენი მისამართით აგორებულია კამპანია, თუმცა ამას ზურგს არცერთი ფაქტი არ უმაგრებს და ჩვენი მისამართით ვერავინ დადო რაიმე ისეთი დამადასტურებელი, რომ ეს პროცესი ვინმესგან ხელოვნურად მართულია. ეს არის შეთითხნილი ბრალდებები სოციალურ მედიაში, ამიტომ, ვფიქრობ, ამაზე საზოგადოებამ გააკეთოს ადეკვატური რეაქცია.

ჩვენ არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მარტო გავიტანთ. აქ არის მხარდაჭერის საკითხი. ეს ბრძოლა 5 კაცის მიერაა დაწყებული და ის, რომ ათიათასობით ადამიანი ამ ბრძოლაში ჩართულია, მხარს უჭერს, რა თქმა უნდა, ეს სამართლიანმა და არგუმენტირებულმა ნაბიჯებმა მოიტანა, რომლებიც აქამდე გადავდგით და დღესაც ვდგამთ, თუმცა, კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით დედაქალაქის მოსახლეობისგან საჭიროა იმისთვის, რომ ყველამ ადეკვატურად შეაფასოს – თუ რამდენად მნიშვნელოვანია  ამ პროცესში პირადად მონაწილეობა.

საზოგადოებამ იცის, რა მიზამს ემსახურება „ფეიკ ნიუსები“ და ზოგადად, რატომაც ვრცელდება, ამიტომ, წესით ამ პროცესის სიჯანსაღეს საზოგადოება ადეკვატურად ხედავს. ჩვენ, ზოგადად ვხედავთ ხელისუფლების პოზიციას და დამოკიდებულებას, გადაწყვეტის ნაწილში არაფრის ცვლილებას რომ არ აპირებენ, ფაქტია. ამას დღევანდელი განცხადებიდანაც ვხედავთ, ამიტომ არის საჭირო, რომ საზოგადოება ამ უსამართლობის წინაშე გაერთიანდეს “, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ვფიქრობ, “ვაიპატრიოტიზმის” კონტექსტში ხელისუფლებას უნდა განვიხილავდეთ: ვარლამ გოლეთიანი პრემიერის განცხადებას პასუხობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები