16 იანვარს, 17:00 საათზე, თიბისი გალერეაში ოლიკო ჟღენტის წიგნის “ნიღბის მიღმა“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ცნობილი ქართველი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს. წიგნი მსახიობის 85 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ოთარ მეღვინეთუხუცესის შესახებ მომზადებული ახალი დოკუმენტური ფილმიც.
წიგნში ოთარ მეღვინეთუხუცესი მკითხველის წინაშე განსხვავებული რაკურსითაა წარდგენილი. „ნიღბის მიღმა“ 4 ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მსახიობის პირად მოგონებებს, ჩანაწერებს, ინტერვიუებს მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა პერიოდის ქართულ და უცხოურენოვან ჟურნალ-გაზეთებიდან, რადიო-სატელევიზიო გადაცემებიდან არის მოძიებული. წერილების, პირადი ჩანაწერების ნაწილი და მსახიობის სამუშაო დღიურები პირველად ქვეყნდება.
მეორე ნაწილში შესულია ქართველი და უცხოელი თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების, რეჟისორების და სხვა ცნობილი ადამიანების სტატიები, რეცენზიები და წერილები. მესამე ნაწილში ოთარ მეღვინეთუხუცესს იხსენებენ ახლობლები, მეგობრები, კოლეგები და ყოფილი პარტნიორები. მეუღლის შესახებ საუბრობს გურანდა გაბუნიაც. წიგნის დანართში თავმოყრილია ინფორმაცია ოთარ მეღვინეთუხუცესის ჯილდოებისა და დამსახურებების შესახებ.
წიგნს თან ახლავს აუდიოჩანაწერების კრებულიც, რომელიც მოიცავს ფრაგმენტებს იმ თეატრალური დადგმებიდან და რადიოსპექტაკლებიდან, რომლებშიც ოთარ მეღვინეთუხუცესი მონაწილეობდა.
წიგნი „ნიღბის მიღმა“ 2017 წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
„ნიღბის მიღმა” პრეზენტაციაზე დამსწრე სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ.