LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ყველის პრობლემები – რა შედეგები დადო კვლევამ

130

15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 12 ნიმუშში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული წესები და ნორმები დაცული არ არის, – ამის შესახებ ნათქვამია რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

კვლევა „საქრძის“ დაკვეთით „MIC-TNS”-მა ჩაატარა. კვლევა მიზნად ისახავდა ქართული ყველის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების შესწავლას და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ყველის შემცველობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის შემოწმებას. პრესრელიზის თანახმად, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მომხარებელთა 93 % იმერულ ყველს მოიხმარს. გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი, არაეტიკეტირებულ, ე.წ. გლეხურ პირობებში დამზადებულ ყველს ყიდულობს. მათივე მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, ყველისა და რძის პროდუქტების შენახვის ნორმები მეტადაა დაცული, ფიქრობენ რომ ყველი, ქარხნული წესით არის წარმოებული და არ არის „ნატურალური“.

აღებულ ნიმუშებში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები – კოლიფორმები და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტი აღმოჩნდა. ეს ბაქტერიები ძირითადად დაბინძურებული გარემოს და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება.

„რაც შეეხება, რძის ცხიმის სისუფთავის ანალიზის პასუხს, 15 ნიმუშიდან, 8-ში, მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა, რომლებიც გადამუშავების პროცესში ტრანსცხიმებად იქცევიან და ხანგრძლივ პერსპექტივაში ამას ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ. ზემოთაღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რძის მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ (Dairy Georgia) იწყებს აქტიურ მუშაობას, რათა გაზარდოს მომხმარებელთა ცნობიერება ყველის შესახებ და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ხარისხიანი ყველის წარმოებას“, – ნათქვამია პრესრელიზში.

აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები