LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო სისტემის რეფორმა, 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი საკვანძო კომპონენტია, რომელსაც ყველა მხარე სერიოზულად ეკიდება: კარლ ჰარცელი

28
კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, იგი მოხარულია, რომ გუშინ საარჩევნო რეფორმების ირგვლივ ფართო კონსესუსის მიღწევა მოხდა და ახლა ევროკავშირი  კანონპროექტის ვენეციის კომისიასთან გადაგზავნას ელის.

როგორც დიპლომატმა განაცხადა, საარჩევნო რეფორმის პარალელურად, 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი სასამართლო რეფორმაა. ჰარცელის თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ყურადღება  უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრთა დანიშვნის პროცესზე გამახვილდეს, რადგან მისი სიტყვებით,  ეს საბოლოო ჯამში, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენას უზრუნველყოფს.

„ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაცია ხდება. პირველ რიგში, მოხარული ვარ, რომ გუშინ, როგორც ჩანს,  საარჩევნო რეფორმების ირგვლივ ფართო კონსენსუსის მიღწევა მოხდა და ახლა ჩვენ ველით, რომ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს და შემდეგ, ფართო განხილვებისთვის პარლამენტს წარედგინოს.

სასამართლო სისტემის რეფორმა, 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი საკვანძო კომპონენტია და ეს მიღწეული შეთანხმების კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ყველა მხარე ძალიან სერიოზულად ეკიდება. ვიტყოდი, რომ მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება ყურადღების გამახვილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე და ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრთა თანამდებობაზე განმწესების პროცესზე”. – განაცხადა ჰაარცელმა.

მისი თქმით, გარდა ამისა, იქნება სხვა რეფორმების განსაზღვრის ეტაპობრივი პროცესი, რომელშიც ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო პარტნიორებიც მონაწილეობის მიღებას აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები