დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების ჯგუფთან დაკავშირებით, რომელიც სამუშაო პირობებზე უკმაყოფილებას გამოთქვამდა, მიღებული იქნა კონკრეტული ზომები და ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან.
დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევრო – გერმანიაში სეზონურად დასაქმებული 24 ქართველი უმძიმეს სამუშაო პირობებშია
გერმანიაში ლეგალურად დასაქმება 98 443 ადამიანს სურს, ისრაელში კი 1 427-ს
მათივე ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტომ, პროცესში ჩართო სხვა შესაბამისი უწყებებიც, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით და რასაც დასჭირდა რამდენიმე დღე.
„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, თავისი კომპეტენციის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სრულად იზიარებს იმ წუხილს, რომელიც გამოითქვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გამგზავრებული ერთი ჯგუფის მხრიდან. ისე როგორც ყველა წამოწყებას, შეთანხმების განხორციელების ამ ეტაპზე არის, როგორც პოზიტიური გამოხმაურებები, ასევე, ცალკეული საკითხები, რომელიც გერმანულ მხარესთან ერთად საჭიროებს გადაჭრას.
გიდასტურებთ, რომ ერთი ჯგუფის წარმომადგენელთა მხრიდან იყო უკმაყოფილება დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო აღწერილობაში შეთავაზებული პირობების დარღვევის გამო. აღნიშნულის თაობაზე, ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან. დღეის მდგომარეობით ქართულმა მხარემ უკვე მიიღო ინფორმაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსგან, რომ ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის, რაც ცხადია, არის ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგი. რაც მთავარია, გერმანიასა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებიდან და სამუშაო შეთავაზების პირობებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი დათანხმდა მხოლოდ საქართველოდან ჩასული სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებს გადაუხადოს საათობრივი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ მიცემული პირობა არ იქნება დაკმაყოფილებული, ქართული მხარე მოითხოვს ამ კონკრეტული ჯგუფის წევრების გადანაწილებას სხვა დამსაქმებლებთან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ ცალკეულ შემთხვევებში მსგავსი გამოწვევების დარეგულირება მომავალშიც მოხდება პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობით.
„რაც შეეხება ზოგადად პროგრამას, ვფიქრობ მსგავსი საკითხის ზედმეტად აქტუალიზირება არ ემსახურება ხელშეკრულების იმპლემენტაციის კეთილსინდისიერ ინტერესს და მიზანმიმართულად ახდენს შეთანხმების დისკრედიტაციას. ქართულ მხარეს მსგავსი პრობლემა არ ქონია ამ დრომდე არც ერთ სხვა დამსაქმებლებთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.