LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 წლის შემდეგ სამშობლოში „დაბრუნებული“ გენერალი – გმირი „ფესვების“ ისტორიით

332
საქართველო 33

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდაზე,  ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

ფაქტს ქართული საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა.

„ნეშტთშემგროვებლობა, როგორც პატრიოტიზმის უმაღლესი საფეხური.
იქ, სადაც ესვენა მის საფლავს რაიმე საშიშროება ემუქრებოდა? “ . – წერს ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, და მეცნიერი ლაშა ბაქრაძე.

ლაშა ბაქრაძისგან აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება აქვს დეპუტატ ალეკო ელისაშვილს.

„განსაკუთრებულად ამაღელვებელი იქნება ეს 26 მაისი წელს – სახელოვანი ქართველი გენერლის გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში!!! დიდება და მოწიწება ჩვენს გმირებს!!!
მადლობა ამ საქმის მოთავეებს – ჟან შარდენის ქართულ-ფრანგულ საზოგადოებას“.- დაწერა სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილმა.

ბუნებრივია, ყველას გვახსენდება, 2005 წლის კადრები, როდესაც მთაწმინდაზე  ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაკრძალეს.

მაშინ ცერემონიალის რეჟისორი დავით დოიაშვილი იყო. 2005 წლის კადრების უემოციოდ ნახვა შეუძლებელია.

ნატო მეტონიძის სიმღერის ფონზე ქაქუცა ჩოლოყაშვილი მთაწმინდას მიაბარეს.

რა იქნება 2021 წლის 26 მაისს, ეს ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა. როგორც თავდაცვის სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, დეტალები დგინდება.

გავრცლებული ინფორმაციით, ცერემონიალს გენერალ კვინიტაძის ულამაზესი შვილიშვილი მსახიობი მარიამ დობო დაესწრება, რომელიც ლონდონში ცხოვრობს და ქართველ ბაბუაზე ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობს.

 

გენერალ კვინიტაძის შვილიშვილი მარიამ დაბო, ფილმში Helen of Troy

 

არის თუ არა გენერალ კვინიტაძის საქართველოში „დაბრუნება“ ნეშტშემგროვებლობა – მოდით, ამაზე ნუ ვიდავებთ.

ახლა უკვე ვერ გავარკვევთ უნდოდა თუ არა თავად გენერალს საქართველოში და კერძოდ მთაწმნიდაზე დაედო სამუდამო განსასვენებელი.

ამჯერად გავიხსენოთ ის, რის გამოც ყოველთვის ამაყები უნდა ვიყოთ და რის გამოც ყოველთვის მადლიერებით უნდა მოვიხსენიოთ ქართველი გენერალი – კვინიტაძე.

გიორგი კვინიტაძე  1874 წლის 21 აგვისტოს დაღესტანში დაიბადა. მამამისი 13 წლამდე ჩიქოვანის გვარს ატარებდა, რომელიც, შემდეგ უცნობი მიზეზის გამო, კვინიტაძედ გადაუკეთებია.

დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი. შემდეგ  პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი.  რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა.

მოგვიანებით, მან წარმატებით დაამთავრა ვარშავის ფარიკაობის სკოლაც.

კვინიტაძეს საველე გამოცდილებაც ჰქონდა. საკუთარი მოთხოვნით  გაამწესეს შორეული აღმოსავლეთის ჯარებში.

იბრძოდა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში, სადაც მეტყვიამფრქვევეთა რაზმს მეთაურობდა.

გენერალი გიორგი კვინიტაძე ქართველ, გერმანელ და ავსტრიელ სამხედროებთან ერთად

 

1917 წლიდანვე კვინიტაძე აქტიურად ჩაერთო საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შენების პროცესში, განსაკუთრებით დიდ დროსა და ენერგიას უთმობდა თბილისის ერთადერთ სამხედრო სასწავლებელს, რომლის დამაარსებელიც თავად იყო.

 „მთელი ცხოვრება რუსეთის სამსახურში გავატარე, მაგრამ მოხარული ვარ, რომ შეძლება მეძლევა, ჩემს სამშობლოს ვემსახურო“.-  ასე გამოეხმაურა გიორგი კვინიტაძე საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილ დეპეშას, რომელმაც მისი გენერლად დანიშვნის შესახებ ამცნო.
1920 წელს იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა და ამავე წელს მოახერხა აზერბაიჯანიდან შემოჭრილი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილების დამარცხება.
მისი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ გადევნებოდნენ დამარცხებულ წითელ არმიას და ბოლომდე გაეთავისუფლებინათ აზერბაიჯანიც, თუმცა მისი ეს გადაწყვეტილება მთავრობამ დაბლოკა.მოგვიანებით, გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე წერდა: „მოხდა ის, რასაც გენერალი კვინიტაძე წინდაწინ ამბობდა 1920 წელს, როდესაც შეგვაჩერეს ბორჩალოში და ნება არ მოგვცეს გაგვესრისა ბოლშევიკები და მათგან აზერბაიჯანი გაგვეწმინდა…“1921 წლის 11 თებერვალს საქართველოს საზღვარი წითელი არმიის შენაერთებმა გადმოკვეთეს.

16 თებერვალს, როდესაც საბჭოთა ჯარი თბილისს მოადგა, თანამდებობიდან მოხსნეს გენერალი ოდიშელიძე და მის ნაცვლად გიორგი კვინიტაძე დანიშნეს.

გიორგი კვინიტაძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი

გენერალმა კვინიტაძემ, 18-24 თებერვალს, მოწინააღმდეგის მიერ თბილისზე განხორციელებული რამდენიმე შტურმი მოიგერია და მას საკმაოდ დიდი ზარალიც მიაყენა, თუმცა 24 თებერვლის საღამოს, დედაქალაქის დატოვებისა და ბრძოლის მცხეთის პოზიციებიდან გაგრძელების ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული მოქმედებით იგი ფრონტის ხაზის შემოკლებას აპირებდა. კვინიტაძემ ეს გადაწყვეტილება რეზერვის არყოლისა და დაუცველი ფლანგებიდან კავალერიის მანევრების გამო მიიღო, რაც მისი აზრით, დედაქალაქის დამცველებს ალყაში აქცევდა და განადგურებას მოასწავებდა. უკანდახევის შემდეგ, ქართულმა ჯარმა ვეღარ მოახერხა მტრის შეკავება და 25 თებერვალს თბილისი დაეცა.

ბრძოლები ერთხანს კიდევ გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ. კვინიტაძის მხრიდან მოწინააღმდეგის დამარცხების უკანასკნელი მცდელობა 4-6 მარტს, ოსიაურის ბრძოლაში ჩაიშალა.

1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სხვა წევრებთან ერთად, გენერალი ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა და საფრანგეთში დასახლდა. მისი სამხედრო კარიერაც ასე დასრულდა.

დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. მუშაობდა გრამფირფიტების კომპანია „Pathe-ში.“ ეკონომიკური სიდუხშირის გამო ერთი პერიოდი თავს ირჩენდა მაწვნის წარმოებით და გაყიდვით. (ძნელია, ამ შემთხვევაში ფილმი „ფესვები“ არ გაგახსენდეს) . აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან და ორგანიზაციებთან.

 გენერალი გიორგი კვინიტაძე შატოში ოჯახთან ერთად

ღრმად მოხუცებული, 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა.

2013 წლის 26 მაისს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები