„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, ნინო სამყურაშვილმა, თავისი სადებიუტო წიგნი დაწერა. „ჯავშანი“ გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. მისი ავტორი არ გვიმხელს, სად და ვისგან მოისმინა რეალური ამბავი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ადამიანზე სექსუალურ ძალადობას და ამ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ, მისი ცხოვრების გზას ეხება…
ამ გამოცემის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა: „ყველაზე კეთილშობილმა ჟურნალისტმა დაწერა წიგნი ისეთ ტრაგიკულ ამბავზე, ხომ ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული, მაინც შოკი მივიღე. ხომ გგონია, რა ამბავი უნდა წაიკითხო ასეთი?.. საბჭოთა პერიოდის ქართველების თავგადასავალია და მანამდე არსად წამიკითხავს. ნინოს სითამამისთვის მადლობას ვეტყვი და მივულოცავ…“
ნინო სამყურაშვილი თავის სადებიუტო რომანზე fortuna.ge-სთან ექსკლუზიურად საუბრობს.
„ჯავშანი“ რეალურ ამბავს ეფუძნება. საიდუმლოდ დავტოვებ, ვისგან გავიგე ეს ამბავი… წლების ფიქრი დამჭირდა, რომ მისი ფართო საზოგადოებისთვის გაზიარება გადამწყვიტა. გადავწყვიტე, რომ კარგი იქნებოდა, არა მხოლოდ მე მცოდნოდა ეს ამბავი. ეს არის ერთი ადამიანის ისტორია. მასზე სექსუალურად იძალადეს. როგორ განვითარდა მისი ცხოვრება ამ ტრაგიკული ამბის შემდეგ, სწორედ ამაზეა წიგნი. ამბავი მოსკოვში იწყება და ჩანს, როგორ უწყობდა ხელს სისტემა ამ ამბის დამალვას, ექიმებით დაწყებული, სამართალდამცავებით დასრულებული – იმისთვის, რომ ადამიანს, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა, არაფერი ეთქვა… და მან საკუთარი გამოსავალი იპოვა, მოიგონა, რომ იყო გიჟი და მთელი ცხოვრება გაატარა სიგიჟის ჯავშანში…
მოქმედება ორ ქვეყანაში, რუსეთსა და საქართველოში ვითარდება. ერთი ადამიანის ისტორიით გადმოცემულია ის პრობლემები, რომლებიც იდგა საქართველოს წინაშე, როცა ის საბჭოთა კავშირში იყო. მსხვერპლს როგორ ექცევა საზოგადოება, სოციუმი, გარშემო მყოფები, ოჯახის წევრები და ნათესავები – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს პრობლემები დღესაც აქტუალურია. მინდოდა, მკითხველი დაფიქრებულიყო ამ თემებზე.
როგორც საოპერო მომღერლებს უჭირთ ჩვეულებრივ სასიმღერო ხმაზე გადასვლა, ასევე ჟურნალისტებისთვის ხშირად პრობლემაა ე.წ. ნიუსური თხრობის სტილის გადაცვლა მწერლისაზე. თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა?
როდესაც ჩემი რომანი გამომცემლობა „ინტელექტში“ მივიტანე და დამიდასტურეს, რომ აპირებდნენ მის დაბეჭდვას, ის, რა თქმა უნდა, რედაქტორის ხელში მოხვდა. მას შემდეგ, რაც უკან დამიბრუნდა, მივხვდი, რა იყო შეცვლილი – ჟურნალისტების წერის სტილი ნამდვილად განსხვავდება. თავიდანვე გამაფრთხილეს, რომ ასე მოხდებოდა. საოცრად იმუშავეს. გარკვეულ ეპიზოდებში მქონდა ე.წ. ნიუსური, ახალი ამბების ენა, რომელიც ასე ვთქვათ, ლიტერატურულად გადააკეთეს.
დათო ტურაშვილმა აღნიშნა, რომ მან წიგნის კითხვისას შოკი მიიღო. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ეს და მკითხველისგან რა გამოხმაურებას ელით?
სხვათა შორის, აქამდე, ვინც წიგნი წაიკითხა, ყველასგან განსხვავებული შეფასებები მივიღე. არ ვუყურებ, რომ ყველამ ჩემ მსგავსად უნდა აღიქვას ეს ამბავი. არ მინდა წიგნის შინაარსის გათქმა და შოკის მიზეზის გამხელა, მაგრამ ეს არის რეალური ამბავი და ის არ არის პეპლებსა და ყვავილებზე. ვფიქრობ, მკითხველს უნდა დავუტოვოთ შეფასების საშუალება. შეიძლება, სხვა მკითხველს არ ჰქონდეს ამგვარი შეფასება, თუმცა დათო ტურაშვილის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ…
ინტერვიუ: ნინო მურღულია
ფოტო: ილია რატიანი