LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისიდან ევროპასთან ერთად, ცენტრალურ აზიაში მოხვედრაც შესაძლებელი გახდა

893
182601258-2958779954390940-6465717483483765393-n

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპასა და ახლა უკვე ცენტრალურ აზიაშიც მოხვედრა პირდაპირი რეგულარული ავიარეისებითაა შესაძლებელი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მაისის თვეში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით განაახლებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს, პანდემიამდე არსებული მიმართულებების განახლების შესახებ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე აწარმოებს და ეტაპობრივად ფრენები აღდგება.

„14 მაისიდან ავიაკომპანია Wizz AIR ქუთაისიდან რეგულარულ ფრენებს რიგის მიმართულებით განაახლებს, ხოლო 21 მაისიდან დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს რეგულარული პირდაპირი ავიარეისების შესრულებას. უკვე თვის ბოლოს კი ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, კიდევ 2 ქალაქში იქნება პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელი, 29 მაისიდან კატოვიცე და 30 მაისიდან – გდანსკი. როგორც იცით, ჩვენს აეროპორტში 2 მაისიდან ოპერირება ახალმა, ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა დაიწყო, რომელიც პირდაპირ ფრენებს კვირაში ორჯერ, სამი მიმართულებით ახორციელებს. ამ ეტაპზე, მაისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისებით მგზავრობა 5 ქვეყნის 9 მიმართულებითაა შესაძლებელი. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რომ ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების პარალელურად, მათ არსებული სიხშირეები გაზარდონ და ახალი მიმართულებები დაამატონ“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ.

ამასთან გაერთიანება შეახსენებს მოქალაქეებს, რომ საჰაერო გზით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, ან საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები