ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი საკომუნიკაციო პლატფორმა წარადგინა.
მას შემდეგ, რაც ყოფილ პრეზიდენტს ბრალი დასდეს სოციალურ ქსელებში ძალადობის წამახალისებელი ტექსტების გამოქვეყნებაში და “ფეისბუქის” და “ტვიტერის” ანგარიშები დაუბლოკეს, ტრამპმა განაცხადა, რომ მხარდამჭერებთან საკომუნიკაციოდ – ახალ ვებგვერდს ქმნიდა.
პლატფორმის სახელწოდებაა “From the Desk of Donald J. Trump” და მას მომხმარებელი ამ ამ ბმულის საშუალებით ეწვევა: www.donaldjtrump.com/desk
მკითხველს საშუალება ექნება, შეაფასოს ტრამპის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი, ფოტო და ვიდეო და ასევე აღნიშნული ინფორმაცია “ფეისბუქსა” და “ტვიტერზე” გააზიაროს, თუმცა პლატფორმას პასუხის გაცემისა და კომენტარების დატოვების ფუნქცია არ აქვს.
შეგახსენებთ, 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, სხვადასხვა სოციალურმა პლატფორმამ დონალდ ტრამპს ანგარიშები დაუბლოკა.
სოციალური ქსელების წარმომადგენლების განცხადებით, ტრამპის მიერ ატვირთული მასალები ხელს უწყობდა ძალადობის წახალისებას და მოწოდებას.