ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს ვკითხეთ, რამდენად იქნება ფინანსურად მომგებიანი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნისთვის. გთავაზობთ ცნობილი ასტროლოგის პროგნოზს.
ფინანსური კუთხით, 2018 წელს, ჩვენ გვაქვს სამი ძალიან რთული თვე, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ბიზნესმენია თუ ეროვნული ბანკი – ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. აქ რეტროგრადული ურანი გადავა ფინანსების ნიშანში, კუროში და ცოტა არევს სიტუაციას და შესაძლოა, ყველაფერი უკუღმა დატრიალდეს. ამ პერიოდისთვის სარისკო მოქმედებებსა და კაპიტალდაბანდებებს თავი უნდა დაანებოთ, მათ შორის, ყურადღებით უნდა იყოს ეროვნული ბანკი.
მართალია, მომავალ წელს არ იქნება ისეთი სერიოზული ცვალებადობა ეროვნული ვალუტის კუთხით, როგორც გვაქვს ბოლო სამი წლის განმავლობაში, ანუ ვალუტა ასე არ იხტუნავებს და ცოტა დასტაბილურდება, მაგრამ ფრთხილად ვიყოთ ის სამი თვე, რომელიც უკვე ვახსენეთ.
ყველაზე წარმატებული ბიზნესსფეროში, ფინანსური კუთხით ყველაზე მეტის მოპოვების საშუალება აქვთ მორიელებს. ამ ნიშნის შემდეგ, თევზებს აქვთ კარგი შანსები, კუროს და ქალწულს. მათ შეუძლიათ, ჩაერთონ სერიოზულ ბიზნესპროექტებში, პედაგოგიურ საქმიანობაში, რითაც ფინანსებს მოიზიდავენ, წარმატების მიღწევის შანსი აქვთ საბანკო სფეროში, ვაჭრობაში.
ცეცხლის ნიშნებს (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) სჭირდებათ აქტიური ურთიერთობები უცხოელებთან, ფინანსების შემოსვლის წყარო პირველ რიგში იქნება, უცხოური კაპიტალი. 2018 და განსაკუთრებით 2019 წელი უცხოური კაპიტალის შემოდინების კუთხით საუკეთესოა. ამ სამ ნიშანს აქვს განსაკუთრებული შანსი, მოიზიდოს თანხები საზღვარგს გარეთიდან. ამის გარდა, ძალიან კარგი იქნება თუ აითვისებენ უცხო ენებს, ან შექმნიან სასწავლებელს, რომელიც უცხოეთთან იქნება დაკავშირებული, კარგი სფეროა ასევე ტურიზმში მოღვაწეობაც.
რაც შეეხება ჰაერის ნიშნებს, ტყუპებს, სასწორს და მერწყულს, საუკეთესო ამ შემთხვევაში არის სამეცნიერო სფერო, სადაც კვლევებზე უცხოეთიდან შეუძლიათ გრანტების მიღება, ჟურნალისტიკა: პრესა, რადიო, ტელევიზია, აქედანაც შეიძლება მოიზიდონ ფინანსები, გამორჩეულად, სარეკლამო სფეროდან.
რაც შეეხება თხის რქას, მათ საერთოდ არ ვურჩევ 2018 წლის განმავლობაში რაიმე სარისკო ფინანსურ გარიგებებში ჩართვას, რადგან მის ზოდიაქოს ამ პერიოდის განმავლობაში გადის ოთხი ბოროტი პლანეტა, ამიტომაც დიდია ფინანსური პარტნიორებისგან ღალატის, ხელმძღვანელ პირებთან კონფლიქტისა და სამსახურის შეცვლის ალბათობა. თხის რქებს ვურჩევდი, შეინარჩუნონ ის ფინანსები, რაც აქვთ და ახალ საქმეებში არ ჩაერთონ. ამ მხრივ განსაკუთრებით ცუდია წლის პირველი ნახევარი, აგვისტომდე, მეორე ნახევარს კიდევ არა უშავს, მაგრამ აქაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
კირჩხიბმა ჯობს, დოკუმენტაციასა და საბუთებთან დაკავშირებული საკითხები წლის პირველ ნახევარში მოაგვაროს, რადგან ამ პერიოდში მის ზოდიაქოს მფარველი ანგელოზი გადის. ერთადერთი თვეა აპრილი, როცა ფინანსური რისკი მისი მხრიდან გაუმართლებელია, დანარჩენი თვეები ივლისის ჩათვლით ნორმალურია. მეორე ნახევარში, ფინანსური კუთხით, შესაძლოა, შეექმნას პრობლემები, მაგრამ ნოემბერ-დეკემბრის განმავლობაში სიტუაცია კვლავ გამოსწორდება.
ნინო მურღულია