LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ნიჟარაძე: 2018 წლისგან რადიკალურ ცვლილებებს ველოდები, მათ შორის, პირად ცხოვრებაშიც…“

104

სოფო ნიჟარაძეს სასტუმრო „ქისში“ შევხვდით ინტერვიუსთვის, სადაც ბოლოდროინდელ წარმატებებსა და საახალწლო ტრადიციებზე გვესაუბრა. სოფოსთვის 2017 წელი სასიამოვნო სიახლეებით იყო სავსე, 2018 წლისგან კიდევ უფრო მეტს ელოდება, როგორც მაქსიმალისტი, რომელიც არასდროს კმაყოფილდება არსებულით და მუდამ უფრო მეტი სურს.

სოფო, საუბარი დავიწყოთ „დაფ ბამას“ კონკურსით, სადაც „საუკეთესო ქართული პერფორმანსისთვის“ აიღე ჯილდო.

„Daf Bama Music Awards“ არის ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც გერმანიაში იმართება. წელს, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, ამომირჩიეს და დამაჯილდოვეს. მუსიკალური კონკურსი მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან არჩევს ნომინანტებს, მათ შორის ძირითად აქცენტს აზიის  და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე აკეთებს, აკეთებენ გამოკვლევებს და ნახულობენ იმ არტისტებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში აქტუალურები არიან. შემდეგ ჰეშთეგებით ითვლიან სოციალურ ქსელში მხარდაჭერას და თუ გადასცდები ლიმიტს, ნომინანტის გარდა, ხდები მუსიკალური კონკურსის მონაწილეც. თავად კონკურსის ორგანიზატორები ირჩევენ, ვინ დააჯილდოვონ, რადგან ნომინანტობა სხვაა და გამარჯვება – სხვა. დიდი მადლობა ამ მუსიკალურ დაჯილდოვებას, რომ აარჩიეს საქართველო და ჩვენ. ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუზღვის, ჩემს უახლოეს მეგობარსა და უნიჭიერეს პროდიუსერს, სტეფანეს. მისი შრომის დამსახურებაა და ასევე კონტაქტების, რომ ეს კონკურსი ჯერ საქართველოთი დაინტერესდა და შემდეგ – ჩემით. ხალხის უდიდესი მხარდაჭერა მივიღე და მადლობა ყველას, ხალხი რვა თვის განმავლობაში აქტიურობდა, წერდა ჰეშთეგით ჩემს სახელს. ლიმიტი დავაგროვე და გადავედი ხმის მიცემის სისტემაზე… მადლობა ყველას, ვინც ერთხელ მაინც დაწერა ჩემი სახელი, რადგან მე, სტეფანეს და ჩვენს ქვეყანას ბროლის ქანდაკება მოუტანა, რომელიც ახლა ჩემს როიალს ამშვენებს (იღიმის).

შენ თავად დაჯილდოვებაზეც გამოხვედი და მახსოვს, მისი დასრულების შემდეგ სოცქსელში ლაივში ჩაერთე, ღელავდი, რომ სცენაზე ტექნიკური პრობლემა შეგექმნა…

მე გავხსენი დაჯილდოვება, მანამდე იყო წითელი ხალიჩა და პრესკონფერენცია. მე და სტეფანეს ორი დღის განმავლობაში ერთი საათიც არ გვქონია, რომ გავსულიყავით და ულამაზესი ჰამბურგით დავმტკბარიყავით (იღიმის). ჩვენთან ერთად იყვნენ ტოპარტისტები, რომლებიც ცნობილები არიან არა მხოლოდ საკუთარ ქვეყნებში. მე და სტეფანეს ლიმუზინი გვემსახურებოდა. დაჯილდოვების შემდეგ ჩვენმა ლიმუზინმა ცოტა დააგვიანა, თურქეთის და ბალკანეთის წარმომადგენლებთან ერთად მოგივია დაბრუნება. ბალკანეთის წარმომადგენელი გახლდათ ოტილია, რომლის კლიპებს „იუთუბზე“ 500 მილიონი ნახვა აქვს… რომ ჩავსხედით ლიმუზინში, სტეფანე ეკითხება, თქვენც მომღერალი ხართო (იცინის)? მან უპასუხა, დიახ, რა თქმა უნდაო. სტეფანე შეწუხდა და უთხრა, იცით, ჩვენ, სამწუხაროდ, არ გადევნებთ თვალყურსო. მგონი, უარესი უთხრა. ძალიან კარგი გოგონა იყო, იუმორით და მიხვდა, რომ ექსკლუზიურ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა, როგორიც სტეფანეა (იცინის).

რაც შეეხება თავად გამოსვლას, მე ძალიან ვინერვიულე. ვფიქრობ, ვერავინ მიხვდა. ჩემი ისნტრუმენტალი არ ჩაირთო და სცენაზე უხერხულობა შეიქმნა. ამის გამო მე და წამყვანი კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავედით, ასე ვთქვათ, წამყვანობაც შევითავსე… ვღელავდი, რადგან ძალიან დიდ არენაზე გამოვდიოდი, დაახლოებით, 50 000-კაციანი კომპლექსი გახლდათ. დიდი პასუხისმგებლობაა, როცა სცენაზე დგახარ და უცბად დაუგეგმავად მიდის ყველაფერი, ვინერვიულე. „ფეისბუქ“-ლაივით რომ ჩავერთე, მომწერეს, ვერავინ ვერაფერს მიხვდაო.

საბოლოოდ, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ორი დაუვიწყარი დღე გავატარეთ ჰამბურგში.

შენთვის, როგორც მომღერლისთვის, ალბათ, ეს დიდი სტიმულია და მომავალში არაერთი საინტერესო პროექტის გაკეთების სურვილიც გაგიათმაგდებოდა.

რა თქმა უნდა. ეს წელი ძალიან ნაყოფიერი იყო. თითქოს უკმაყოფილო ვარ, როგორც არტისტი, რადგან მეტი შეიძლებოდა, მაგრამ ყველაფერი დაიწყო „ოქროს ტალღით“, როცა წლის საუკეთესო მომღერალი გავხდი. ეს დაჯილდოვება ჩემთვის ფეხბედნიერი გამოდგა, რადგან შემდეგ უცხოური კონკურსის ქანდაკებაც მივიღე. ორი პრიზი ერთ წელიწადში საკმაოდ კარგი შედეგია. ეს, რასაკვირველია, მიზრდის პასუხისმგებლობას, უნდა გავამართლო, რაც იყო და ვიმუშაო იმისთვის, რომ მომავალში ნაკლები არ იყოს. ვალდებული ხარ, დაამტკიცო, რომ ასეთ პრიზებს იმსახურებდი. მადლობა ყველას და შევეცდები, დავამტკიცო, რომ დამსახურებული პრიზები მივიღე (იღიმის).

ზოგადად, როგორი იყო 2017 წელი?

მგონია, რომ ცუდი არ ყოფილა. შემოქმედებითად, როგორც აღვნიშნე, უფრო კარგიც შეიძლებოდა, თუმცა კარგი სტარტი იყო, რომ შემდეგი წლები უფრო უკეთესი იყოს.

2018 წლისგან რას ელოდები?

სიახლეებს, ახალ ცხოვრებას და რადიკალურ ცვლილებებს ყველანაირ ასპექტში. მინდა, რომ რაღაც აფეთქდეს, ხმაურიანი იყოს შემოქმედების მხრივ, სხვანაირი და ახალი, სხვა თვალით დანახული. მე წელს ვიგრძენი ის, რომ სიახლეებისთვის მზად ვარ. ძალიან პოზიტიურად ვხვდები ახალ წელს. ყოველ წელს ამბობ, რომ ახალ წელს დადებითი განწყობით ხვდები. ეს დღესასწაული ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვანია და ყველა დიდი სიხარულით ელოდება, მაგრამ შინაგანად ხომ არის განწყობა, რომელსაც ხელოვნურად ვერ შექმნი… მუდამ ვცდილობდი, ასე ვთქვათ, აღმატებულად შევხვედროდი ახალ წელს, თუმცა იყო შემთხვევები, როცა შინაგანად თავისუფლად და პოზიტიურ განწყობასთან მართალი ვერ შევხვდი. ახლა ნამდვილად ხალისით ვარ, მართალი ამ განწყობასთან და საუკეთესოს მოლოდინით ვხვდები ახალ წელს.

რა ტრადიციები გაქვს საახალწლოდ ოჯახში?

(იღიმის) დაკვირვებული ვარ, როცა არაფერს არ ვაკეთებ, ყველაზე საინტერესო წელი მაშინ დგება ხოლმე… ერთხელ, მახსოვს, ასეთი რამ გავაკეთეთ – ახალ წელს, სანამ ის დადგება, ერთი წუთით ადრე ფურცელზე უნდა დაწერო შენი სურვილი, დაწვა, ფერფლი შამპანურში ჩაყარო და დალიო. ხომ ხვდებით, რამხელა შრომაა, კოლოსალური, თან, უნდა მოასწრო, როგორ ისტრესები ამ ერთი წუთის განმავლობაში (იცინის). ძალიან ვინერვიულე ფურცლის პატარა ნაგლეჯზე, რომელიც ბოლომდე არ დაიწვა და ისე გადავყლაპე… სხვათა შორის, სურვილი ნაწილობრივ ამისრულდა. რა სისულელეა, დამთხვევაა, როგორ შეიძლება, ქაღალდის ფურცლების გჯეროდეს, მაგრამ ხომ არსებობს ცრურწმენები და ხანდახან ხალისობ…

რაც შეეხება ტრადიციას, ჩვენთან აუცილებლად მზადდება ინდაურის საცივი და ყველა ჩართული ვართ. მოვიტყუები, რომ მე ვამზადებ, მაგრამ ვმონაწილეობ. დამოუკიდებლად აშშ-ში ყოფნისას გავაკეთე. ჰგავდა დედაჩემის გაკეთებულს, მიახლოებული გემო ჰქონდა… მგონი, რაღაცას მიმალავს, როგორც ყველა კარგი კულინარი (იღიმის), უნდა გამოვტყუო საბოლოო რეცეპტი.

განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს, ყველა ჩუქნის ერთმანეთს საჩუქრებს, ერთად ვხვდებით ახალ წელს, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ. ბევრი ახალი წელი მახსოვს, როცა ახალ წელს სცენაზე ვხვდები. ასეთი ბედნიერება, რომ ოჯახთან ერთად შევხვდე ახალ წელს, იშვიათად მაქვს. გვაქვს 2 იანვარი, ბედობა, როცა ბიძაჩემის ოჯახში ვიკრიბებით და ვზეიმობთ, ერთმანეთს ვიბედებთ… ეს დღესასწაული ბევრ პოზიტივთან ასოცირდება…

საუკეთესო ახალი წელი…

ყველა ახალ წელს თავისი ხიბლი მაინც აქვს. ბევრჯერ მგონებია, რომ საუკეთესო ახალი წელი მქონდა, თუმცა მუდამ ვფიქრობ, ის ახალი წელი, რომელიც მოდის, უკეთესი იქნება. ასე მგონია ახლაც (იღიმის).

ყველაზე სევდიანი ახალი წელი…

ეს ის შემთხვევაა, როცა მახსენდება პირველი ახალი წელი მამაჩემის გარეშე. ეს იყო ძალიან სევდიანი ახალი წელი… მამა ნოემბერში გარდაიცვალა. არ არსებობს, რომ ამას მოერიო. იმ სახლში ვიყავით, სადაც მამა იყო მთავარი, მის გარშემო ტრიალებდა ყველაფერი… ყველაზე სევდიანი იყო, როცა ჩვენ ერთად ვეღარ ვიყავით. მინდა, ეს წარსულში იყოს… კარგის მოლოდინში ვარ, თუმცა ეს ახალი წელი ყოველთვის მემახსოვრება…

გადავინაცვლოთ საჩუქრებზე, მათ არჩევაზა და ჩუქებაზე. ყველაზე კარგი საახალწლო საჩუქარიც გაიხსენე…

ახალი წლის საუკეთესო საჩუქარი არ მახსენდება. შემიძლია ბოლოდროინდელი გაიხსენო. „იამაჰას“ კლავინოლა მიყიდა ჩემმა ძმამ. ერთი კვირის განმავლობაში სახლიდან არ გავდიოდი. ვამბობდი, ჩემი სიყვარული ვიპოვე, ამ პიანინოს გავყევი ცოლად და არ შემაწუხოთ-მეთქი. ჩემმა ძმამ მითხრა, ისედაც სულ სახლში ხარ და რომ მცოდნოდა, საერთოდ არ გიყიდდი ამ საჩუქარსო. ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა და ფუსფუსი, თუ დრო მაქვს. ამ ბოლო დროს ასეა, ტელევიზორთან, კომპიუტერთან ვზივარ, ან წამოწოლილი ვარ და ვატარებ დროს. ახლა ეს პიანინოც მაქვს (იღიმის).

სხვათა შორის, საჩუქრის მიღებაზე მეტად, თავად მიყვარს დასაჩუქრება. მომწონს, როცა ვუყურებ ხოლმე, როგორ იცხადებენ საჩუქარს, განსაკუთრებით, ბავშვები.

 

საოცნებო საჩუქარი გაქვს?

გამახსენდა, რა იქნებოდა საუკეთესო საჩუქარი, მაგრამ ვერ გეტყვი (იღიმის). არ არის მატერიალისტური, ნივთზე არ ვოცნებობ…

პიანინოზე გავთხოვდიო, მითხარი. ელოდები სიახლეს პირადში მომავალ წელს?

ზოგადად, ცხოვრებაში ინერციით მივდივარ. თავისუფალი ადამიანი ვარ და თავისუფლება მიყვარს, არაფერს ვგეგმავ. რაღაც მომენტი დგება, როცა ხარ მზად სერიოზული ცვლილებებისთვის, თუნდაც პირადი ურთიერთობების კუთხით. ჩემ გარშემოც არის უკვე საუბრები ამ თემაზე, სოფო, აბა, როდის თხოვდებიო. აქამდე ამას არავინ მეკითხებოდა. ამანაც დამაფიქრა, აქამდე რომ არ მეკითხებოდნენ, ე.ი. ყველაფერი კარგად იყო და ახლა რომ მისვამენ ამ შეკითხვას, ვაიმე, წლები ხომ არ მემატება-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, ევროპაში გაცილებით გვიან ასაკში ქმნიან ოჯახს და ძალიან ბედნიერები არიან სწორედ მაგიტომ, რომ არ ჩქარობენ. ჩვენც არ უნდა ვიჩქაროთ, ხომ გვინდა ევროპა და ამაშიც მივბაძოთ ევროპელებს. რაც უფრო გვიან, ოღონდ ძალიან გვიანაც არა, მაგრამ გააზრებულად და გაცნობიერებულად გადადგამ ამ ნაბიჯს, უფრო მყარი ოჯახი გექნება. გამონაკლისი ყველგანაა, მაგრამ პროცენტულად, გვიან შექმნილი ოჯახებს უფრო გრძელვადიანი ურთიერთობა აქვთ და ჩემ შემთხვევაშიც, ალბათ, ასე იქნება.

რომ მკითხოთ, ხვალ რას გააკეთებო, ვერ გიპასუხებთ. ზოგადად, სპონტანური ადამიანი ვარ, გადაწყვეტილებებსაც უცბად ვიღებ, ძალიან ამყოლი ადამიანი ვარ. მიყვარს სიახლეები. გეგმებსა და ჩარჩოებში არასდროს ვარ და ჩემი ცხოვრებაც ასე მიდის…

 

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ქისი“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები