საქართველოში მზის 3 და ქარის 4 ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. მზის ელექტროსადგურების მშენებლობა საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონებში განიხილება და სამივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 50 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება ქარის ელექტროსადგურებს, საუბარია ზესტაფონის, ნიგოზას, რუისისა და ცენტრალური ქარის ელექტროსადგურებზე. მათი დადგმული სიმძლავრე 200 მეგავატს აღემატება. ყველა ეს პროექტი შესწავლის სტადიაზეა, მთავრდება ტექნიკურ ეკონომიკური შესწავლა, რის შემდეგაც წლის ბოლოსთვის სამშენებლო ფაზა დაიწყება.
აღნიშნული პროექტების შესახებ ცნობილი გახდა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა 26 აპრილს გამართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კერძოდ: ნორვეგიის სამეფოს, თურქეთის რესპუბლიკის და იაპონის ელჩები, ასევე დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ლიეტუვის და სხვა საელჩოების წარმომადგენლები; საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და დონორო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები.
ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ 2010 წლიდან დღემდე, ენერგეტიკის განვითარების ფონდმა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. დაარსებიდან დღემდე, ჯამურად, ფონდის მიერ მოძიებული და განვითარებული პროექტებით ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას შეემატა 140 მგვტ, თუმცა მიმდინარე და დაგეგმილი მზის სადგურების, ქარის ელექტროსდგურების, ჰესების, ბიომასის, ბიოგაზის, აგრეთვე „მწვანე“ წყალბადის საპილოტე პროექტების განხორციელების შედეგად, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ქვეყანას შეემატება დამატებით 500 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრე.
გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, საქართველო შეძლებს, მნიშვნელოვნად შეამციროს ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, ოპტიმალურად აითვისოს ქვეყნის ენერგეტიკული რესურსი და შექმნას რეზერვები, ასევე შეასრულოს ასოცირების ხელშეკრულებით და ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აღებული ვალდებულებები განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით.
გიორგი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა ურთიერთკავშირზე ელექტროენერგიის არსებულ მომხმარებასა და გენერაციას შორის და ასევე იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას საქართველო, თუკი ვერ შეძლებს საკუთარი ენერგეტიკული რესურსის ოპტიმალურად ათვისებას. „ის დამოკიდებულება და ნეგატიური განწყობები, რაც დღეს ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ არსებობს, ენერგეტიკის განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. მსგავსი კამპანია, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, ჩვენთვის მიუღებელია,“ – აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.