ევროპარლამენტში შაურმის აკრძალვაზე კანონპროექტი სამი ხმით ჩავარდა, შესაბამისად შაურმა ევროპაში აღარ აიკრძალება.
შეგახსენებთ, აღნიშნული ინიციატივით ევროკავშირის კანონდებლები, ცოტა ხნის წინ, გამოვიდნენ. მიზეზი შაურმაში ნივთიერება – ფოსფატის შემცველობაა, რომელსაც მის დასამზადებლად ნახევარფაბრიკატ ხორცში იყენებენ.
ევროპელი მეცნიერების დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ ფოსფატი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს. ამ მოსაზრებას ევროპარლამენტარების ნაწილი იზიარებს, რის გამოც ევროკავშირის ქვეყნებში შაურმის აკრძალვას ითხოვს.
ევროპარლამენტარების მეორე ნაწილი კი აკრძალვის წინააღმდეგია. როგორც ისინი ამბობენ, შაურმის აკრძალვის შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ათასობით ადამიანი სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩება, რადგან ევროპაში მოქმედი საშაურმეების დიდი ნაწილი დაიხურება.