ამერიკული Ford Mustang მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტქარია. ავტომობილი ამ ტიტულს უკვე მეორე წელია ინარჩუნებს, გაყიდვების მაჩვენებლით კი ის უკანასკნელი 6 წლის უპირობო ლიდერია.
ანალიტიკური სააგენტოს HIS MArkit–ის ინფორმაციით, 2020 წლის გლობალური გაყიდვების მაჩვენებლით Ford Mustang პირველ ადგილს იკავებს. გასულ წელს „ფორდმა“ 80 577 „მუსტანგის“ რეალიზება შეძლო და მსოფლიო ბაზრის 15,1% დაიპყრო. 2019 წელს კი მისი მაჩვენებელი 14,8% იყო. ავტომობილისთვის მთავარ ბაზრად რაღა თქმა უნდა, აშშ რჩება, სადაც 61 090 ავტომობილი გაყიდა. მთლიანობაში ეს წინა წლებთან შედარებით 15,7%–ით უფრო ნაკლებია, თუმცა ორი ვერსიის Bullitt და Shelby–ს პოპულარობა 2020 წელს 52,7%–ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება ევროპულ ბაზარს, „მუსტანგის“ პოპულარობა უნგრეთში – 68,8%–ით გაიზარდა, ნიდერლანდებში 38,5%–ით, დანიაში 12,5%–ით. ამერიკული შედევრის გაყიდვების მთლიანი მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით 7000 ეგზემპლარი იყო.
2021 წლის პირველ ნაწილში „ფორდმა“ 17 274 ამერიკული სპორტქარის რეალიზება შეძლო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%–ით უფრო ნაკლებია.
და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ Ford Mustang–ს წელს 57 წელი შეუსრულდა.