დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ სოციალური დისტანცია დაიცვას და პირბადე გამოიყენოს.
„ჩვენ შეიძლება ყველაფერზე ვილაპარაკოთ, რომ საინფორმაციო კამპანიაა გასაძლიერებელი… კაცს რომ მეზობელი მოუკვდება, ახლობელი მოუკვდება, ნათესავი რომ მოუკვდება, მე უნდა ვუთხრა იმას, “რომ ნიღაბი გაიკეთე, ძალიან გთხოვ”? რამდენჯერ უნდა ვუთხრა? ყველგან, ტელევიზორს ჩართავთ თუ რადიო იქნება, ყველგან ხო ერთი და იგივეს ვამბობთ? გამოდიან ჩემი კოლეგები და ამას ამბობენ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „პირველ არხთან“ საუბრისას.
იმნაძის განმარტებით, „რამდენი ასი ადამიანიც ავად გახდება, მინიმუმ, ჩვენი ერთი თანამოქალაქე დაიღუპება, ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“.
„დღეს ხომ დღეში 1 200-1 300 ახალ ავადმყოფზე ავედით და დათვალეთ, ცოტა ხანში, დღეში რამდენი ადამიანი დაგვეღუპება. აქედან გამოსავალი ისაა, რომ წესები დავიცვათ – პირბადე ვატაროთ, ხალხმრავალ შეკრებებს, ძირითადად, სუფრებს მაქსიმალურად ავარიდოთ თავი და ა.შ“, – განაცხადა იმნაძემ.