LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

635 000 ლარის ტენდერი ატრაქციონების შესაძენადაა გამოცხადებული, ამ თანხით 85 642 დოზა „ასტრაზენეკას“ შეძენაა შესაძლებელი: ფლანგვის დეტექტორი

103
ატრაქციონების შეძენა

პანდემიის გამო შემცირებული საქართველოს ეკონომიკის, დაკარგული სამსახურების, შემცირებული შემოსავლის და საგარეო ვალის ზრდის ფონზე, სახელმწიფო ორგანოებმა 2021 წელს ატრაქციონების შესაძენად 635 ათასი ლარის ტენდერები გამოცხადეს. ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.

უმუშევრობა, ფასების ზრდა, თუ კორონავირუსი: ქვეყნის 5 ყველაზე დიდი პრობლემა – NDI-ის კვლევა

მათივე ცნობით, აღნიშნული თანხა კორონავირუსის საწინააღმდეგო 85 642 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შესაძენად საკმარისი იქნებოდა. 

„ფლანგვის დეტექტორის“ ცნობით, მძიმე ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად 2019-2020 წლებში სახელმწიფო ორგანოებმა ატრაქციონებში 2 208 383 ლარი დახარჯეს.

ატრაქციონებისათვის გამოყოფილი თანხებით, მიმდინარე მონაცემებით, ბათუმი ლიდერობს. ქალაქ ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2021 წელს მრავალსართულიანი სახლების ეზოებისთვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისა და რეაბილიტაციის სამუშაოების მიზნით 392,149 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი ჯერ არ დასრულებულა და მიმდინარეობს კომპანიის შერჩევის პროცესი.

მეორე ადგილს ქუთაისის მერია იკავებს, რომელმაც ჯამში 225,815 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. პირველ შემთხვევაში მერიამ საბავშვო ატრაქციონების შეძენა-მონტაჟის მიზნით 35,962 ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა კომპანია ექსიმ მეიდთან. ხოლო მეორე შემთხვევაში 189,853 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ტენდერი არ შედგა, რის შედეგადაც კვლავ თავიდან მოუწია ტენდერის გამოცხადება. მიმდინარე მონაცემებით ტენდერი დასრულებული არ არის.

ატრაქციონების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოაცხადეს ვანის, ტყიბულისა და ბაღდათის მერიებმაც. საინტერესოა ვანის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი. ატრაქციონების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერი პირველად 17 აპრილს გამოაცხადა. შესყიდვის ობიექტებს შორის იყო ბილიარდისა და ჭადრაკის მაგიდა და ატრაქციონები, თუმცა დოკუმენტაციაში ცვლილებების გამო ტენდერი შეწყდა, რის შემდეგადაც ახალი ტენდერი გამოცხადდა. ახალი შესყიდვის დოკუმენტების მიხედვით შესყიდვის ობიექტებს შორის ჭადრაკისა და ბილიარდის მაგიდები აღარ არის.

აღასანიშნავია, მას შემდეგ რაც საქართველოში COVID 19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2019-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვების გზით 2,208,383 ლარი დაიხარჯა ატრაქციონების შესაძენად. 2019-2020 წლებში პანდემიის პერიოდის განმავლობაში ატრაქციონების შეძენა 12-მა მუნიციპალიტეტმა განახორციელა. ეს ტენდეცია არც 2021 წელს შეცვლილა და სახელმწიფო უწყებები კვლავ აქტიურად განაგრძობენ თანხების ხარჯვას ამ მიმართულებით.

ამასთანავე COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილია მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. NDI-ის 2021 წლის კვლევის თანახმად კი გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა. გამოკითხულთა 12% კი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ შემოსავალი შეუმცირდა. ამასთანავე სახელმწიფო ვალი 2021 წლის იანვრის მონაცემებით, სახელმწიფო ვალის მოცულობამ 31.57 მილიარდი ლარი შეადგინა და არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ს აღემატება.

მოსახლეობას კვლავაც ეკონომიკური და ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს: NDI

პარალელურად, ქვეყანაში კვლავ შეზღუდვებია და მესამე ტალღის მოახლოებასთან ერთად სახელმწიფოს წარმომადგენლები კვლავ შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბრობენ. მხოლოდ 2021 წლის განმავლობაში ატრაქციონების შესასყიდად დახარჯული თანხა საკმარისი იქნებოდა ვაქცინა AstraZeneca-ს 85,642 დოზის შესასყიდად“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.