LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რიონის ხეობის მცველები” 9 მაისს “ალტ-ინფოს” აქციას ემიჯნებიან: ვარლამ გოლეთიანი

101
ვარლამ გოლეთიანი

“რიონის ხეობის მცველები” 9 მაისს, ულტრამემარჯვენე – “ალტ-ინფოს” მიერ დაანონსებულ “ნამოხვანჰესის” წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას ემიჯნებიან. მათი განცხადებით, მიზეზი მათი ამგვარი პოზიციისა არის ის, რომ “ალტ-ინფოს” წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტიის შექმნა და აქციაზე ამ ინფორმაციის დაანონსება სურთ. 

აღნიშნულის შესახებ  სამოქალაქო აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა, ფეისბუკ გვერდზე – “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ალტ-ინფოს” აქცია დაანონსდა როგორც “ნამოხვანჰესის” წინააღმდეგ პროტესტი, ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა სხვა საკითხებიც უნდა გააჟღერონ და შესაბამისად, “რიონის ხეობის მცველები” ამ აქციას არ შეუერთდებიან.

გოლეთიანმა თქვა, რომ “ნამოხვანჰესის” პროტესტის მონაწილეებს მკვეთრად გამოხატული პოზიცია აქვთ – ისინი ყოველგვარ პარტიულ დღის წესრიგს ემიჯნებიან და პარტიებისგან მართულ პროცესებში არ მონაწილეობენ.

“ვინც კი აქამდე სხვადასხვა ქალაქში აქციებს აანონსებდა, ყველა ჩვენ გვიკავშირდებოდა და უბრალოდ სოლიდარობას გამოთქვამენ. მზადყოფნას, რომ ამ პროცესებში ჩვენი მითითებებითა და იმ დღის წესრიგით ჩაერთონ, რა დღის წესრიგითაც პროტესტის მონაწილე ხალხი ვგეგმავთ. ანუ, ისინი მონაწილეობას უშუალოდ ჩვენს გეგმაში იღებენ.

ამ შემთხვევაში განსხვავება 9 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ის არის, რომ ბიჭებმა გადაწყვიტეს დამოუკიდებლად, პარტიული ნიშნით, ბრძოლა აწარმოონ – თავისი მესიჯბოქსით, განსხვავებული სათქმელით, ნაწილ მესიჯბოქს არ ვიზიარებთ, რაღაც ნაწილს ალბათ არც ის ხალხიც არ იზიარებს.

თუმცა, ეს დაპირისპირების საგანი არ არის, უბრალოდ ვმიჯნავთ საკითხებს, რომ ადამიანების თვალში ჩვენი და მათი სტრატეგიების ერთგვარი აღრევა არ გამოიწვიოს. მინდა, რომ მკაფიო ზღვარი იყოს გავლებული”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.