LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ზეთისხილი ექსპორტზე აშშ-სა და ევროპაში გავა

99

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიღნაღის რაიონში, სოფელ საქობოში, ზეთისხილის მოსავლის აღებისა და გადამუშავების საწარმოო პროცესს გაეცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქობოში ზეთისხილის ბაღები და გადამამუშავებელი საწარმო ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებით“ შეიქმნა.  უწყების ცნობითვე, საწარმოში, რომელშიც 800 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი ლარია.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მსგავსი ტიპის საწარმოების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოში ზეთისხილი ახალი კულტურაა და მნიშვნელოვანია, მისი პოპულარიზაცია მოხდეს, რადგან ძალიან მოთხოვნადია პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში. საქართველოს მრავალწლიანი კულტურების გაშენების დიდი პოტენციალი გააჩნია. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო პროგრამას „დანერგე მომავალი“ ახორციელებს. ასეთი პროგრამები ხელს უწყობს საქართველოში ახალი მრავალწლიანი კულტურების გაშენებას, მეხილეობის დარგის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კახეთის მხარის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში, მევენახეობის პარალელურად, ზეთისხილის პლანტაციების გაშენების მიმართ ადგილობრივი მეწარმეების დაინტერესებაზე გაამახვილა ყურადღება. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ კახეთში ეს დარგი აქტიურად ვითარდება და დაახლოებით 200 ჰა-ზე ზეთისხილის ბაღებში უკვე მოსავალია.

საწარმოს მფლობელის, ბიზნესმენ გიორგი სვანიძის განაცხადებით, ქართული ზეთისხილის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე პოპულარობით სარგებლოს. უახლოეს მომავალში კომპანია პროდუქციის ამერიკაში, ევროპაში, ამიერკავკასიისა და დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტს გეგმავს. ზეთისხილის საწარმოში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებია დანერგილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. საწარმოს წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას ქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები