LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრონიუსმა საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა

64

”ევრონიუსმა” თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა.

”დარწმუნებულები ვართ, ეს გზა, რომელიც ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე გაივლის, ძალიან კონკურენტუნარიანი იქნება. საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა ბიზნესგარემოს კუთხით არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში და მას ნამდვილად შეუძლია გახდეს რეგიონის ლოგისტიკური, სავაჭრო და სატრანზიტო ჰაბი, – საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ამ კომენტარს „ევრონიუსი“ ავრცელებს.

როგორც “ევრონიუსის” რეპორტაჟშია აღნიშნული, ჩინეთის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო მარშრუტებს მოიცავს, მიზნად ისახავს ევროპისა და ჩინეთის დამაკავშირებელი უძველესი აბრეშუმის გზის აღდგენასა და გაფართოვებას. საქართველო ამ გზის სტრატეგიული ნაწილია. სხვა მნიშვნელოვან გარიგებებთან ერთად, ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთის ხელმძღვანელმა პირებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობის შესახებ. მემორანდუმის მიზანია ჩინელი ინვესტორების ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში ჩართვა, როგორიცაა ანაკლიის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც პორტთან ახლოს აშენდება.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან და, იმავდროულად, თვისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, დსთ-სა და თურქეთთან. ჩვენი ღია ეკონომიკისა და იმ დიდ ბაზრებზე წვდომის მეშვეობით, რომელსაც აღნიშნული ხელშეკრულებები ხსნიან საქართველოსთვის, ნამდვილად შევძლებთ მოვიზიდოთ ინვესტორები ქვეყანაში“, – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რეპორტაჟში ასევე ნათქვამია: „2020 წლისთვის იგეგმება ახალი, 185 კმ-იანი აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასრულება. ამასთან, შავი ზღვის სანაპიროს კურორტი ანაკლია დიდ ცვლილებებს განიცდის და საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტად ყალიბდება. ამ პორტს შეეძლება მოემსახუროს დიდი რაოდენობის ტვირთს, ხოლო მისი ტვირთგამტარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება.

„ჩვენ მზად ვართ, მშენებლობა წლის ბოლოს დავიწყოთ და, შესაბამისად, 2020 წლისთვის დავასრულებთ პორტის მშენებლობის პირველ ფაზას, ხოლო 2021 წლისთვის ჩვენ უკვე შევძლებთ მივიღოთ Panamax-ისა და Postpanamax-ის ტიპის გემები,“ – განუცხადა „ევრონიუსს“ შპს „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა ქეთევან ბოჭორიშვილმა, დირექტორმა განუცხადა.

მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის, ანილ გუფთას განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული აქვს როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქვეყანაში ინვესტორების მოსაზიდად. „კორუფციის თვალსაზრისით საქართველო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნებს შორისაა. ასევე წამყვან პოზიციაზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საქართველო, ზოგადად, ძალიან მიმზიდველი უნდა იყოს უცხოელი ინვესტორებისათვის,“ – განუცხადა გუფთამ ევრონიუსს.

ოქტომბერში გაიხსნა ახალი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე გადის და ევროპასა და ჩინეთს შორის მგზავრობას 45-ის ნაცვლად 14 დღეში ხდის შესაძლებელს.

ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის, ჰენრიკ ჰოლოლეის განცხადებით, აბრეშუმის გზის ინიციატივას მრავალი სიკეთის მოტანა შეუძლია ევროპისთვის. „აშკარაა, რომ აბრეშუმის გზის ფორუმი დადებით შედეგებს მოგვიტანს – იგი გაააქტიურებს ეკონომიკურ საქმიანობას და, იმედი გვაქვს, რომ ასევე გაააქტიურებს ვაჭრობასა და მიმოსვლას. დარწმუნებული ვარ, ეს როგორც ჩინეთისა და ევროპის, ისე აბრეშუმის გზის ყველა ქვეყნის ინტერესში შედის,“ – განაცხადა ჰოლოლეიმ.

”საქართველოში ბიზნესსექტორის ნაწილი უკვე აწყობს საქმიანობის გაფართოვების გეგმებს. ჩვენ ვესტუმრეთ წამყვან ღვინის კომპანიას, რომელსაც წელიწადში 10 მილიონი ბოთლი ღვინო გააქვს ევროპაში, ჩინეთსა და დსთ-ს ქვეყნებში. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დარწმუნებულია, რომ თანამედროვე აბრეშუმის გზა ხელს შეუწყობს ახალი ბიზნესების შექმნას. „წარმოიდგინეთ ევროპა და აზია, საქართველო კი მათ შორისაა. ვფიქრობ, ეს ახალი ეკონომიკის დასაწყისია. ეს არის გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, შევცვალოთ დინამიკა,“ – განაცხადა შპს „კახეთის ტრადიციული მეღვინეობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ.

აბრეშუმის გზაზე სტრატეგიული ლოკაციითა და კონკურენტული ბაზრით, საქართველო მიზნად ისახავს გააფართოვოს და აღადგინოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის რეგიონალური ჰაბის პოზიცია“ – აღნიშნულია „ევრონიუსის“ მიერ მომზადებულ რეპორტაჟში, რომლის ნახვა შესაძლებელია ლინკზე http://www.euronews.com/2017/12/05/georgia-wants-to-become-a-hub-along-the-new-silk-road

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები