LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალუდა გოგლიჩიძე ყოფილ ცოლს პასუხობს, რომელიც მას ბრალდებებს უყენებს -„დედის ლანძღვით მიიყვანა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობამდე…“

6348
aludagoglichidze1

კავკასიის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანი, ალუდა გოგლიჩიძე ყოფილი ცოლის მიერ ძალადობის შესახებ გავრცელებული ბრალდებების შესახებ საუბრობს და მედიასა და დაინტერესებულ მხარეებს ამ თემასთან დაკავშირებით სასაუბროდ იწვევს. გოგლიჩიძე აღნიშნავს, რომ მას აქვს შესაბამისი ვიდეომტკიცებულებები იმის საჩვენებლად, რომ მისი ყოფილი ცოლი ტყუის.

გთავაზობთ მის განცხადებას:

„მიმართვა მედია საშუალებებს, ჟურნალისტებს!

ბოლო დღეებში, ყოფილმა მეუღლემ ჩემი დისკრედიტაციის კამპანია უკიდეგანოდ ფართო ფრონტზე გაშალა, მათ შორის მედიასაშუალებებით და მომსწრე ვართ საზოგადოებაზე არნახული მასშტაბის მანიპულირების, რომელიც დაუსაბუთებელი და ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელების ხარჯზე მიმდინარეობს.

აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების ლოგიკური აღშფოთების და ქალთა მიმართ სოლიდარობის განცდის, ვინც მოისმენდა ან წაიკითხავდა ჩემი მისამართით გამოთქმულ საშინელებათა სერიას…

თუ ნორმალური ადამიანი ხარ, უნდა აღშფოთდე, მეც აღვშფოთდებოდი, მხოლოდ ფაქტებსა და მტკიცებულებებს მოვითხოვდი, უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავდი, მოტივს ვიკითხავდი და ნათქვამს უპირობოდ არ მივიღებდი.

10 აპრილს მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ჩემი შვილების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვაპირებ უსაფუძვლო ბრალდებებზე თავის მართლებას, ჭორაობასა და საზოგადოების გრძნობებზე თამაშს და ახლაც ამ პოზიციაზე ვრჩები, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ვგრძნობ უზარმაზარ პასუხისმგებლობას უამრავ ადამიანთან: ჩემს კოლეგებთან, სტუდენტებთან, ყოფილ თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან, ასევე უამრავ ადამიანთან, ვისაც მე პარადად არ ვიცნობ, მაგრამ ანგარიშვალდებული ვარ, მაგალითად, ადამიანებთან, ვინც ხმა მომცა არჩევნებზე,  იძულებული ვარ, სამართლებრივი პროცედურების პარალელურად, გარკვეულ საკითხებს მოვფინო ნათელი.

ვინ იცის, რამდენი ხანი ვიკავებ თავს. მე ვუძლებ ამ წნეხს, თუმცა საკითხავია, რის ფასად და რატომ, მაგრამ შვილები? შვილებმა არ იციან, ვინ ვის წაართვა მათი თავი, თუ ვინ თქვა უარი მათზე? ამასთან ერთად, ბოლო დღეებში არაერთ ადამიანს გაუუარესდა ჯანმრთელობა და სიცოცხლე დადგა რისკის წინაშე, იმიტომ რომ ძნელია, უყურო უსამართლობას, როცა მოძალადე მსხვერლის როლში გამოდის და საზოგადოებისგან დაუმსახურებელ მხარდაჭერას იღებს!

სოციალური ქსელით ჩემი აქტივობა ვერ იქნება საკმარისი საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირებისთვის იმის შესახებ თუ რა ფენომენია ფსიქოლოგიური ძალადობა, რას ნიშნავს მსხვერპლი და როგორ განვასხვავოთ ის როლური მსხვერპლისგან (ხალხურად რომ ვთქვათ, „როგორ გამოვიცნოთ ცხვრის ქურქში გახვეული მგელი“), როგორ დავეხმაროთ ადამიანებს, რეალურად დააღწიონ თავი ძალადობას და მოძალადეებს…

ამდენად, მინდა მივმართო მედიასაშუალებებს, ჟურნალისტებს:

ძალადობის თემა, მათ შორის ოჯახური და ბავშვთა მიმართ ძალადობის თემა ძალიან აქტუალური საკითხია, იმადროულად მის მიმართ ბრძოლა ჯერჯერობით ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი და უცხო, ამდენად ბევრი იქნება შეცდმომები, გადაცდომები და გაურკვევლობები მტყუან-მართლის გარკვევის პროცესში.

ამ დილემისგან თავის დაღწევის რეალური საშუალება თქვენი და საზოგადოების მიუკერძოებელი და სრულფასოვანი ინფორმირებაა!

მე არავისგან ვითხოვ, ჩემ ირგვლივ აგორებულ დისკრედიტაციის კამპანიას არ შეეხოს, არ გააშუქოს, მაგრამ ვითხოვ, ეს გაკეთდეს ობიექტურად და მიუკერძოებლად.

გარწმუნებთ, მე არაფერი მაქვს დასამალი! უფრო მეტიც, მე ვცდილობდი, ამ თემით არ გავცნობოდი უფრო ფართო საზოგადოებას, რადგან არის პროფესიონალური თემები, რომლებზეც საზოგადოებასთან კომუნიკაცია უფრო სასარგებლოდ მიმაჩნია თავად საზოგადოებისთვის, მაგრამ ამის დროც მოვა!

დღეს, დღის წესრიგში ჩემი რეპუტაციისა და ავტორიტეტის გათელვისგან, პიროვნული განადგურებისგან თავის დაღწევაა, იმავდროულად, ამოცანას ის ართულებს, რომ ვუფრთხილდები ჩემი შვილების ჯანმრთელობას, ემოციებს და საუკეთესო ინტერესებს, ასევე, გაგიკვირდებათ მაგრამ, ჩემი ყოფილი მეუღლის „სახის შენარჩუნებაც“ ჩემი სტანდარტია.

ამ დილემიდან თავის დაღწევის მიზნით, გთავაზობთ სამუშაო, დახურულ ფორმატში პროფესიონალთა გუნდთან შეხვედრას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე, სადაც მე გაგაცნობთ ფაქტობრივ და რეალურ სიტუაციას და წარმოგიდგენთ არა უმართავ ემოციებს, წარმოსახვებს, აღქმებს, არამედ ობიექტურ მტკიცებულებებს და გარწმუნებთ, მათი გაცნობა არ იქნება მარტივი, ხოლო მათი მიღება კიდევ უფრო რთული იქნება!

მერწმუნეთ, აღმოაჩენთ, რომ ითამაშეს თქვენს ემოციებზე, გრძნობებზე, ჰუმანურობაზე, ისარგებლეს თქვენი თანაგრძნობის უნარით და ამის განცდა არ იქნება მსუბუქი! ბევრჯერ იტყვით „კი მაგრამ…“, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მოხდება.

მე ამ მტკიცებულებების გასაჯაროებისაგან ვიკავებ თავს (ამ ეტაპამდე ყოველ შემთხვევაში), თორემ ძალიან მალე ისინი სახალხო დამცველის აპარატს, (და არა მარტო) მიეწოდება.

რასაც მე ვაკეთებ, ეს არ არის ბუნებრივი რეაქცია იმაზე, რაც ჩემ მიმართ ხდება, ეს არის გააზრებული ქმედება, რამეთუ მე დიდი ხანია, ვცხოვრობ პრინციპით „გამოვყოთ პრობლემა ადამიანისაგან! თავს დავესხათ პრობლემას, დავზოგოთ ადამიანი!“

ჩემი ამოცანა იყო და არის, რომ ჩემმა შვილებმა არ დაკარგონ დედა!

მართალია, ამ მიზნის რეალიზება ახლა მიუღწევლად ჩანს, მაგრამ მე მზად, ვარ ყველაფერი გავაკეთო ამისათვის არა სიტყვებით, არამედ საქმით…

ჩემს შვილებს უნდათ დედა და არაერთი იმედგაცრუების მიუხედავად, ელოდებიან მასთან დაბრუნებას, მაგრამ არა ვიზიტით/სტუმრად, არამედ სრულფასოვნად!

ველი თქვენს თანადგომას!“

ალუდა გოგლიჩიძის წინააღმდეგ წერილი ახლახან გამოაქვეყნა მისმა ყოფილა მეუღლემ, თეო ჯულუხაძემ და დაწერა:

„კავკასიის უნივერსიტეტის მენეჯმენტს!

ჯერ თუ თქვენს ყურამდე არ მოუღწევია ამ ამბავს, მე გეტყვით. თქვენი თანამშრომელი, კავკასიის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანი, ალუდა გოგლიჩიძე გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში ძალადობდა ჩემზე როგორც ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად, ასევე ბოლო რამდენიმე წელია არღვევს სასამართლოს გადაწყვეტილებას ბავშვებთან მიმართებაში. წლების განმავლობაში, ჩვენი შუათანა, არასრულწლოვანი შვილი, დედაზე ნეგატიური საუბრით და დედის ლანძღვით მიიყვანა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობამდე. პირდაპირ გეტყვით, ბავშვს დედა შეაძულა. 8 თვის წინ, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით, უკან აღარ დააბრუნა ჩვენი მესამე, არასრულწლოვანი 8 წლის გოგო. ასევე ნეგატივით გამსჭვალა და აურია ფსიქიკა ბავშვს. მამის ამ ქმედებების შედეგად, შუათანა შვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, სუიციდური ფიქრებით, ხოლო პატარა უკვე თვალებს ქაჩავს და ენას უკიდებს. ბავშვები საჭიროებენ ფსიქოლოგის დაუყოვნებლივ თერაპიას, მაგრამ სამწუხაროდ, მამა არ უზრუნველყოფს ბავშვების ამ კუთხით დახმარებას.

წლებია უკვე ვიბრძვი ბავშვებისთვის. ვითხოვ, ბავშვებთან ჩაერთოს ფსიქოლოგი. მამამ დაუყოვნებლივ დააბრუნოს ჩვენი პატარა შვილი, ხოლო შუათანას შემთხვევაში, ფსიქოლოგის ჩართულობით, მოხდეს ჩემი, ბავშვის ცხოვრებაში ეტაპობრივი დაბრუნება, ბავშვის ტრავმირების გარეშე.

კავკასიის უნივერსიტეტის მენეჯმენტო, თქვენი გადასაწყვეტია, გეყოლებათ თუ არა ქალზე და ბავშვებზე მოძალადე თანამშრომელი განათლების ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე, მაგრამ მოგმართავთ თხოვნით, იქნებ, აუხსნათ ალუდა გოგლიჩიძეს, რომ ბავშვები საჭიროებენ ფსიქოლოგის დახმარებას და სჭირდებათ დედა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები