LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ამ “პრივილეგიებით” მიზიდვა უხეში პროვოკაციაა – დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი 5-დღიანი კარანტინის გაუქმებაზე

59
Untitled design

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ კორონავირუსის მესამე ტალღისა და გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ამ “პრივილეგიებით” მიზიდვა არის უხეში პროვოკაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოებას.” – სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებს 5-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან შემწეობის მისაღებად და გადაუდებელი საჭიროების დროს მოქალაქეები კარანტინის გარეშე გადმოდიან: საკოორდინაციო საბჭო

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია სტატისტიკური მაჩვენებლები საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ – წერია, რომ ქვეყანაში გამოვლენილია 18 კლასტერი, ინფიცირების საერთო მაჩვენებელი გაზრდილია 295 936-მდე, გარდაცვლილია 3 949 ადამიანი, გამოვლენილი შემთხვევების 60% კი ე.წ. “ბრიტანულ შტამს” უკავშირდება:

“ამავდროულად ქართველი ეპიდემიოლოგები სათანადოდ არ მიიჩნევენ ინციდენტობის მაჩვენებლის ოფიციალურ სტატისტიკას, მათი აზრით, მაჩვენებლები შეიძლება ხუთჯერ-ათჯერ გაიზარდოს. “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” ხარისხისადმი არასაიმედოობის გამო, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი პროცენტი უარს ამბობს იმუნიზაციაზე.

ამ ფონზე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს სამხრეთ ოსეთის მკვიდრთა პროვოცირებას სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი კიდევ ერთხელ მიმართავს რესპუბლიკის მოქალაქეებს: უკანონო ქმედებების ჩადენამდე იფიქრეთ შესაძლო შედეგებზე, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არსებობაზე სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევისთვის, ასევე იფიქრეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.” – აღნიშნულია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, 13 აპრილს ხელისუფლებისა და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი და შშმ პირებისთვის, ასევე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შეიქმნა კუთვნილი შემწეობის კარანტინის გარეშე მიღების შესაძლებლობა.

19 აპრილიდან კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით შემოწმებას ექვემდებარებიან.