საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციისთვის ვებპორტალი აამოქმედა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
უწყების ცნობითვე, საზოგადოებას ეძლევა საშუალება, თავად გააკეთოს არჩევანი ვაქცინებს შორის. ამასთან, ვაქცინაციაში მონაწილეობა 18 წელზე უფროს მოსახლეობას შეუძლია.
“მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინების ჩამონათვალიდან მაქსიმუმ სამი სასურველი ვაქცინის არჩევის საშუალება აქვს. სამი ვაქცინის არჩევის შემდეგ, დამატებით მეოთხე ვაქცინის არჩევის საშუალებას სისტემა აღარ იძლევა, თუმცა “დათანხმება”-მდე მოქალაქეს ვაქცინის ცვლილების საშუალება ეძლევა. ამის შემდეგ აუცილებელია პირადი ინფორმაციის შევსება.” – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციისთვის, დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ პორტალს – https://www.moh.gov.ge/covid-chart/register/welcome
ამ დროის მონაცემებით, პორტალზე დარეგისტრირებულია 1 928 მსურველი, მათგან ყველაზე მეტი ირჩევს “ფაიზერის” ვაქცინას, რომელსაც მოყვება “მოდერნა”, შემდეგ “ასტრაზენეკა”, “ჯონსონ ენდ ჯონსონი”, “ნოვავაქსი”, “სინოფარმი” და “სინოვაკი”.
აღსანიშნავია ისიც, რომ მონაცემები მსურველთა რაოდენობის შესახებ ყოველწამიერად იცვლება.