LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დროის ყველაზე ქარიზმატული მამაკაცი პერსონაჟები – ტოპ-10

448
page

გასაკვირი არაა, რომ ეკრანული მოდა ყოველთვის უზარმაზარ გავლენას ახდენდა მამაკაცების ჩაცმულობაზე რეალურ ცხოვრებაში. მთავარი შესაფერისი სტილის მოძიებაა, რადგან საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე კინემატოგრაფიამ მართლაც უამრავი განსხვავებული, თუმცა ყველა ერთნაირად ქარიზმატული პერსონაჟი შექმნა ბრწყინვალე იმიჯით.

თომასი (დევიდ ჰემინგსი) – ეგზისტენციალურ იგავში „ფოტოგადიდება“ მიქელანჯელო ანტონიონიმ ერთ-ერთმა პირველმა ასახა 1960-იანი წლების ინგლისური ახალგაზრდული კულტურა და ახალგაზრდა ფოტოგრაფის სრულიად განსხვავებული პერსონაჟი შექმნა, რომელიც თავისი ცისფერი პერანგითა და თეთრი შარვლით არა მხოლოდ ახალი სტილის ფუძემდებლად, არამედ შინაგანი სიძლიერის, თავისუფლების განსახიერებად და მთელი ეპოქის კერპად იქცა.

თომას ქრაუნი (სტივ მაქკუინი) – მართალია, პირს ბროსნანმა არაჩვეულებრივად გაართვა თავი სამუშაოს ჯონ მაკტირნანის „თომას ქრაუნის აფიორაში“, როცა მდიდარი თაღლითის ახლებური ვერსია შესთავაზა მაყურებელს, მაგრამ მაინც ვერ აჯობა სტივ მაქკუინს, რომელმაც ბევრად დახვეწილი და ელეგანტური მულტიმილიონერის სახე შექმნა 1968 წელს ნორმან ჯუისონის ორიგინალში.

ელვი სინგერი (ვუდი ალენი) – რა თქმა უნდა, რთული წარმოსადგენია ნიუ-იორკელი ნევროტიკის მოდურობა, მაგრამ სწორედ ვუდი ალენის ყველაზე ცნობილმა პერსონაჟმა – ქარიზმატულმა ელვი სინგერმა კომედიიდან „ენი ჰოლი“ განსაზღვრა ე.წ. ინტელექტუალების ჩაცმის სტილი, მაშინ, როცა თავად ნაკლებად ფიქრობდა საკუთარ გარდერობზე.

დიკი გრინფილდი (ჯუდ ლოუ) – ენტონი მინგელას „ნიჭიერი მისტერ რიპლი“ კინომოყვარულებმა 1990-იანი წლების ყველაზე ელეგანტურ დრამად დაასახელეს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ფილმის მთავარი გმირი – თავქარიანი ახალგაზრდა, რომელიც სიამოვნებით ფლანგავს მამის ფულს, ფუფუნებისა და უდარდელი ცხოვრების სიმბოლოდ იქცა.

ჯიმ სტარკი (ჯეიმს დინი) – მართალია, ჯიმ სტარკი ფილმიდან „ბუნტისთავი იდეალების გარეშე“ ჩვეულებრივ თეთრ მაისურში, წითელ ქურთუკსა და ჯინსის შარვალშია გამოწყობილი, მაგრამ სწორედ ამ სტილმა აქცია ჯეიმს დინი მსოფლიო კინოს ლეგენდად.

ჯორჯ ფოლკნერი (კოლინ ფერტი) – სწორედ მოდაზე ყურადღების გამახვილებისა და სიუჟეტის მეორე პლანზე გადატანისთვის დაიწუნეს კრიტიკოსებმა ტომ ფორდის სადებიუტო ნამუშევარი „მარტოხელა მამაკაცი“, რაც გარკვეულწილად გამართლებულია, რადგან ცნობილმა დიზაინერმა სწორედ 1960-იანი წლების მოდის თანამედროვე ვერსია შესთავაზა მაყურებელს, მთავარ მოდელად კი, კოლინ ფერტი აქცია.

ჯულიან ქეი (კოლინ ფერტი) – „ამერიკულმა ჟიგოლომ“ არა მხოლოდ რიჩარდ გირს მოუტანა პოპულარობა, არამედ ჯორჯო არმანია აქცია სტილისა და ელეგანტურობის სიმბოლოდ, რადგან სწორედ იტალიელმა დიზაინერმა იზრუნა პოლ შრედერის მელოდრამის პერსონაჟების გარდერობზე.

მიშელ პუაკარი (ჟან-პოლ ბელმონდო) – ფრანგული „ახალი ტალღის“ წარმომდგენლის ჟან-ლუკ გოდარის სადებიუტო ფილმმა „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“, რომელიც დღეს მსოფლიო კინოს შედევრად ითვლება, ერთგვარი რევოლუცია მოახდინა 1960-იანი წლების ევროპაში და აღიარება მოუტანა ახალბედა მსახიობს ჟან-პოლ ბელმონდოს, რომელმაც თამამი, ცოტა ირონიული, თუმცა საოცრად მომხიბვლელი ახალგაზრდა კაცის სახე შექმნა.

გორდონ გეკო (მაიკლ დუგლასი) – ოლივერ სტოუნის „უოლ-სთრითში“ მთავარი როლის შემსრულებელმა მაიკლ დუგლასმა არა მხოლოდ “ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ პრემიები დაიმსახურა, არამედ გამოცდილი, რისკიანი ბიზნესმენის სახე და სრულიად ახალი სტილი შექმნა, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალურობას.

ჯეიმს ბონდი (დენიელ კრეიგი) –- „ბონდიანა“, რომელიც დიდი ხანია მსოფლიო კინოს კლასიკად ითვლება, ყოველთვის წინ უსწრებდა დროს და არა მხოლოდ მამაკაცის ჩაცმის სტილს, არამედ ქცევის მანერასაც განსაზღვრავდა. თავისი წვლილი შეიტანა დენიელ კრეიგმაც, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული აგენტი შექმნა და პირველობა ჩამოართვა მანამდე საუკეთესო ბონდად წოდებულ შონ კონერს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები