LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე თავს იყრიან ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები, ჩვენ გავემიჯნებით მათ და სხვა ტერიტორიაზე გადავინაცვლებთ: გოლეთიანი

128
ვარლამ გოლეთიანი

“თუკი სხვადასხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები ამ ადგილზე მოვლენ, დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და მათ შორის პოლიციას, ჩვენ ვინც აქ ვდგავართ, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, ქვემოთ ნაწილში გადავინაცვლებთ.” – ამის შესახებ მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა ცოტა ხნის წინ, ფეისბუქ ჩართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ერთმანეთთან დაპირისპირებული სხვა ჯგუფები გუმთში მიმდინარე აქციაზე იყრიან თავს.

გოლეთიანი ამბობს, რომ შესაძლო დაპირისპირებამ შეიძლება მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია გამოიწვიოს, რაც ცალსახად ხელისუფლების ინტერესშია:

“ჩვენ არც ერთ ჯგუფთან პიროვნული დაპირისპირება არ გვაქვს და გაცხადებული, დეკლარირებული პოზიცია გვაქვს, რომ ეს მშვიდობიანი პროტესტია.

რადგან ვხედავთ, რომ სხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს ჩვენს აქციაზე და თან მივმართეთ ცოტა ხნის წინ პოლიციის უფროსს და ვუთხარით, რომ შეიძლება მოხდეს შესაძლო დაპირისპირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია, რაც ცალსახად მათი ინტერესია – ვგულისხმობ ხელისუფლებას, ამიტომ, ამ ყველაფრის თავის ასარიდებლად და პრევენციისთვის, ვაცხადებთ, რომ გავემიჯნოთ მთელს ამ პროცესს.

ჩვენ ამ პროცესთან არანაირი კავშირი არ გვაქვს, თუკი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები აქ მოვლენ, დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და მათ შორის პოლიციას, ჩვენ ვინც აქ ვდგავართ, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, გადავინაცვლებთ ქვემოთ ნაწილში. პოლიციამ თვითონ აღნიშნა, რომ ამ სიტუაციას არ გააკონტროლებს, მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ წინასწარ, მათაც აქვთ შესაძლო დაპირისპირების ინფორმაცია, ამიტომ თვითონვე შორს დაიჭირეს თავი. თუ ასეა, ჩვენ გავემიჯნებით მთელ ამ პროცესს და დარჩებიან პირისპირ იმ ჩამოსულ ჯგუფებთან ერთად, რომელსაც თვითონ არ გააკონტროლებენ.” – განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, ვინ არიან პიროვნულად ამ ჯგუფების წარმომადგენლები, თუმცა იციან, რომ დგანან სხვადასხვა ჯგუფები, რომელთაც ზოგადად, ერთმანეთთან სხვადასხვა შემთხვევებსა და აქციებზე ჰქონიათ დაპირისპირება.

შეგახსენებთ, გუმათში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქცია დილიდან განახლდა.

მოგვიანებით აქციას შეუერთდა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი შიხიაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი გუმათში ჩავიდნენ არა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, არამედ როგორც რიგითი ქართველები.