LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ შემთხვევას ვერ დავუკავშირებთ კარანტინთან დაკავშირებულ მიდგომებს: თამარ გაბუნია ენგურის გადმოცურვის მცდელობის დროს დაღუპულებზე

89
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, რომლის დროსაც მდინარე ენგურის გადმოცურვის მცდელობის დროს 4 ადამიანი დაიღუპა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლის დროს კარანტინის არსებობას არ უკავშირდება.

ამის მაგალითად გაბუნიას მანამდე მომხდარი მსგავსი შემთხვევები მოჰყავს.

“ეს ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა. საუბედუროდ, მანამდეც არის მსგავსი შემთხვევები აღწერილი ამ რეგიონში. ამდენად, ჩვენ ამ შემთხვევას პირდაპირ ვერ დავუკავშირებთ ეპიდემიასთან და კარანტინთან დაკავშირებულ მიდგომებს. კარანტინის წესებზე მსჯელობა მიმდინარეობს, მექანიზმი, რომელიც დამუშავდება, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, მაგრამ ეს იქნება მექანიზმი, რომელიც არ დაუშვებს ეპიდემიური რისკების ზრდას”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 2021 წლის იანვარში მომხდარ ფაქტსაც ეხმიანება, რომლის დროსაც ოკუპირებული ტერიტორიიდან მძიმე დაავადების მქონე ადამიანს სამკურნალოდ გადმოსვლა სურდა, თუმცა მას რამდენიმე დღიანი იზოლაციის გავლა მოუწია და მხოლოდ შემდეგ შემოუშვეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. არსებული ინფორმაცით, პაციენტის მდგომარეობა იზოლაციის დროს უფრო დამძიმდა და ამის გამო ის დღემდე რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობის კურსს.

თამარ გაბუნიას თქმით, პანდემიის პირველი დღიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებები მტკივნეულია. მისივე სიტყვებით, არსებული მექანიზმები კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება, საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურის აქტიური ძალისხმევის შედეგად კი ბევრმა ადამიანმა დროული სამედიცინო დახმარება მიიღო, როგორც საკარანტინე, ასევე კოვიდ სასტუმროებში, რის შედეგადაც ხდებოდა მათი ტრანსპორტირება თბილისში და სხვადასხვა რეგიონებში.

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებები პანდემიის პირველი დღიდან ძალიან მტკივნეული საკითხია და ამასთან დაკავშირებით, იყო არაერთი მსჯელობა. ის მექანიზმები, რაც დადგინდა არის ეპიდემიური მიზნებიდან და იმ მიზნებიდან გამომდინარე, რომ რისკები იმ მოსახლეობას, ვისაც შესაძლოა ჰქონოდა პირველი და უშუალო კონტაქტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებთან, რომლებიც იმ რეგიონში იმყოფებოდნენ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის ქვეშ, არ ყოფილიყო გავრცელებადი და ამისი კონტროლი მოხერხებულიყო.

ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ისეთი, როდესაც საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურის აქტიური ძალისხმევის შედეგად, ბევრმა პაციენტმა სწრაფი და მაღალი ხარისხის დახმარება მიიღო, როგორც სამეგრელოს რეგიონში არსებული დაწესებულებებიდან, ასევე საკარანტინე სივრცეებში, კოვიდ სასტუმროებში და თბილისში და სხვა რეგიონებში სწრაფად ხდებოდა პაციენტების ტრანსპორტირება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან შემწეობის მისაღებად და გადაუდებელი საჭიროების დროს მოქალაქეები კარანტინის გარეშე გადმოდიან.

გაუქმდეს კარანტინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის – აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის კარანტინის გაუქმებისთვის გამართულ აქციას დაპირისპირება მოჰყვა