2021 წელს, როდესაც ანაკლიის პორტის პირველი ფაზა დასრულდება, ამ დროისთვის ანაკლიის ინდუსტრიული ზონის პირველი ფაზაც გამართულ მდგომარეობაში იქნება, – ამის შესახებ „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭოროშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართული ერთ-ერთი პანელის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ქეთი ბოჭორიშვილმა ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტი წარუდგინა.
„ანაკლია სითის“ გააჩნია სპეციალური ეკონომიკური სტატუსი, რომელიც კონსტიტუციაში არის ჩაწერილი და ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ვიმუშაოთ ახალ კანონმდებლობაზე. ანაკლია არის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ასევე განსაკუთარებულად კონკურენტუნარიანი იქნება და სხვა დონის კომპანიების მოზიდვის საშუალება გვექნება. თავდაპირველად, ჩვენ 400 ჰექტარზე ვაპირებთ განვითარებას, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენ ვუყურებთ 2000 ჰექტრის განვითარებას, რომელიც მოიცავს, როგორც პირველ ფაზაზე ინდუსტრიულ, ლოგისტიკურ პარკებს, შემდგომ უკვე იქ უნდა განვითარდეს ყველა ის ელემენტი, როგორიცაა, საცხოვრებელი, ტურისტული, საფინანსო და ბინზესცენტრები, რეკრეცია და სხვა კომპონენტები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, რომ აქ იყოს ნამდვილად თანამედროვე, ჯანსაღი გარემო“, – განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ანაკლიის ინდუსტრიული ზონა გამოირჩევა იმით, რომ ის იქნება მწვანე ეკონომიკისა და ეკოქალაქის პრინციპებზე აგებული კონცეფცია და ასევე გამოყენებული იქნება ე.წ. „სმარტ სითის“ პრინციპები.
„ჩვენ ანაკლიას ვუყურებთ, რომ ეს არის კარიბჭე საერთაშორისო, მულტინაციონალური კომპანიებისა და კორპორაციებისთვის, რადგან აქ იქნება როგორც საუკეთესო ინფრასტრუქტურა პორტის, რკინიგზის, გზის, აეროპორტთან ინტეგრირებული, მეორე მხრივ, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ყველა სერვისი იქნება მაქსიმალურად ნაკლები ბიუროკრატიით აღჭურვილი. შესაბამისად, ეს იქნება ადგილი, რომელსაც ჩვენ იმ კომპანიებს ვთავაზობთ, რომლებიც დღეს ქვეყანაში არ არიან, მაქსიმალურად გვინდა მოვიზიდოთ მულტინაციონალური, საერთაშორისო კომპანიები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ანაკლიის დაგეგმარება და უახლოეს მომავალში წარმოადგენენ ახალ კონცეფციას. „მოგეხსენებათ, რომ პორტის მშენებლობა წლის ბოლოს იწყება და 2021 წელს, როდესაც პორტის პირველი ფაზა დასრულდება, ანაკლიის ინდუსტრიული ზონის პირველი ფაზაც გამართულ მდგომარეობაში იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ ანაკლია არის უნიკალური ადგილი“, – განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.