LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის პორტის პრეზიდენტი: საქართველოს აქვს ძალიან მომგებიანი ლოკაცია

68

ვენეციის პორტის პრეზიდენტის პინო მუსოლინოს განცხადებით, ნავსადგური „ერთი გზა ერთი სარტყელის“ ინიციატივაში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს. ამის შესახებ პინო მუსოლინომ თბილისის ”აბრეშუმის გზის ფორუმზე” განაცხადა. პორტის ხელმძღვანელობა ამ მიზნით შეხვედრების გამართვას აპირებს, როგორც საქართველოს სამთავრობო უწყებებთან, ისე კერძო სექტორთან.

„ვენეცია არის აბრეშუმის გზის დასავლეთ რეგიონის დანიშნულების პუნქტი. ჩვენ ვიყავით პირველი აბრეშუმის გზის საკვანძო ნავსადგური და გვსურს, რომ აქტიური მონაწილეები ვიყოთ 21-ე საუკუნის ერთი სარტყელის ინიციატივაში. აღნიშნულ პროექტში ჩართულები ვართ 2013 წლიდან“, – განაცხადა მუსოლინომ.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე ფორუმის ფარგლებში მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს ფოთის და ბათუმის პორტების წარმომადგენლებთან. „რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ ანაკლიის პორტის პოტენციალით. მნიშვნელოვანია აგრეთვე არა მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება, არამედ ინტეგრაცია მთლიანად ევროპის ეკონომიკურ სისტემასთან. ორ ქვეყანას შორის ექსპორტ-იმპორტის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და მიწოდების ქსელების განვითარების მიზნით ჩვენ შეხვედრები გვექნება სავაჭრო პალატასთან და საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა პინო მუსოლინომ.

მან ასევე აბრეშუმის გზის სარტყელის ფარგლებში საქართველოს როლზე და შესაძლებლობებზე ისაუბრა. 

„საქართველოს აქვს ძალიან მომგებიანი ლოკაცია, ის მდებარეობს ორი ცივილიზაციის შუაში. შავი ზღვის მეშვეობით ხმელთაშუა ზღვაზე გასვლა შეიძლება უმოკლეს დროში, ჩვენ კი შეგვიძლია ვენეციის პორტის მეშვეობით ჩრდილოეთ ევროპას დავუკავშირდეთ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ამ სქემაში შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს“, – განაცხადა ვენეციის პორტის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები