LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორიგინალური საჩუქარი ჩაის მოყვარულებს ცნობილი რადიოწამყვანისგან – ბაზარზე „კენკრა“ გამოჩნდა

1038
nianews

„კენკრა“  – ასე ჰქვია ახალ ქართულ ბრენდს, რომელიც ბაზარზე სპეციალურად ჩაის მოყვარულებისთვის გამოჩნდა და მათ ორიგინალურ სასაჩუქრე ნაკრებებს სთავაზობს. ბრენდის დამფუძნებელი ცნობილი რადიოწამყვანი ნია მოძმანაშვილია, რომელსაც რადიო „ფორტუნას“ ერთგული მსმენელი უკვე წლებია იცნობს.

თუ რას მოიცავს რადიოწამყვანის ბიზნესსაქმიანობა და როდის გაუჩნდა მას „კენკრას“ შექმნის იდეა – ამ საკითხზე ნია მოძმანაშვილი ექსკლუზიურად Fortuna.ge-ს ესაუბრა.

როგორ გაჩნდა “კენკრას” შექმნის იდეა?

ისევე როგორც სხვა უამრავ ადამიანს, პანდემიის დაწყებისთანავე, მეც საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო აღმომაჩნდა და დავიწყე ფიქრი ახალ საქმიანობაზე, იმაზე, თუ რისი გაკეთება და მოფიქრება შეიძლებოდა. პირველი რაც გამახსენდა იყო ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს – ჩაი. ბავშვობიდან განსაკუთრებული სიყვარული მაქვს ჩაისადმი. ჩვენს ოჯახში ჩაის სმის განსაკუთრებული რიტუალი გვქონდა ყოველთვის და ამ პროცესისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით ხოლმე. „კენკრას“ შექმნის მიზანიც ის არის, რომ ერთგვარ ტრადიციად იქცეს ჩვენს ქვეყანაში ჩაის სმის რიტუალი. სწორედ ჩაის განსაკუთრებულმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა, შემექმნა ჩაის მოყვარულებისთვის სასაჩუქრე ნაკრები, რომლითაც ისინი გაახარებდნენ როგორც საყვარელ ადამიანებს, ისე მეგობრებს. თანაც აღმოჩნდა, რომ საქართველოში ჩაი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ პროექტის განხორციელებაზე დიდხანს არ მიფიქრია. თავიდან ამ იდეის შესახებ მხოლოდ 2 მეგობარს ვუთხარი – დათუნა თუჯიშვილს და ქეთი გულისაშვილს, რომლებმაც, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლეს – მათი დახმარებით, რამდენიმე დღეში შეიქმნა „კენკრას“ ლოგო, გაკეთდა ბრენდირება, გავაკეთეთ ფოტოსესია და რეალურად, მომხმარებელს უკვე 1 კვირაში შევთავაზეთ გამზადებული პროდუქტი.

რატომ კენკრა“, საიდან მოვიდა ეს სახელი?

რაღაცები ხომ არის, რაც უცებ მოგაფიქრდება და აღარ იწყებ უკვე სხვა ვერსიებზე მსჯელობას და ფიქრს. „კენკრა“ იყო სწორედ ეს შემთხვევა, წამებში მომაფიქრდა და მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა სხვა ვერსიების ძებნას. შეიძლება ითქვას, რომ ამ სახელმა გაამართლა და წარმატებული აღმოჩნდა. თვე-ნახევარია რაც ბაზარზე გამოვჩნდით და საზოგადოების მხრიდან უკვე ძალიან დიდი დაინტერესება წამოვიდა. ეს ჩემთვის არის უდიდესი სტიმული, რადგან მომხმარებელს ნამდვილად შეუძლია, რომ ბიზნესის განვითარებაში შეიტანოს ძალიან დიდი წვლილი. სწორედ მომხმარებლის დაინტერესებიდან გამომდინარე, დავამატეთ ახალი კალათები, ახლა კიდევ ვგეგმავთ რაღაცეების დამატებას. ჩვენ ვუსმენთ მომხმარებელს და მათი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რას მოიცავს კენკრას საქმიანობა?

„კენკრა“ საზოგადოებას სთავაზობს ჩაის რამდენიმე სასაჩუქრე ნაკრებს, განსხვავებულს ფასის მიხედვით. ვეცადეთ, ეს ნაკრებები ბიუჯეტური ყოფილიყო, გვინდოდა, რომ „კენკრა“ ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. თავიდან დავიწყეთ ერთი კონკრეტული ტიპის სასაჩუქრე ნაკრებით, შემდეგ კი საზოგადოების დაკვეთიდან გამომდინარე, ეს ნაკრებები გავამრავალფეროვნეთ. სხვათა შორის, სულ ახლახან, დავამატეთ სააღდგომო სასაჩუქრე ნაკრებებიც, რომლებიც უკვე ჩაეშვა გაყიდვაში და დიდი გამოხმაურება აქვს. რაც შეეხება პროდუქციის რეალიაზაციას, ის ჯერჯერობით ხდება ონლაინ, ჩვენი ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მეშვეობით. გვაქვს მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.

რა დევს „კენკრას“ სასაჩუქრე ნაკრებში?

ამჟამად, გვაქვს 5 სხვადასხვა სახეობის სასაჩუქრე ნაკრები + გვაქვს სააღდგომო ნაკრებებიც, როგორც უკვე გითხარით. რაც შეეხება შიგთავსს, გარდა ჩაისა, ვეცადე აქცენტი გამეკეთებინა იმ ჩაიდანზეც, რომელშიც დაყენდებოდა ეს ჩაი. შესაბამისად, ნაკრებში შეგხვდებათ მაღალი ხარისხისს, ულამაზესი ჩაიდანი, არის 3-4 სახეობის უმაღლესი ხარისხის და განსაკუთრებული არომატების ჩაები, ასევე არის ნატურალური თაფლი, კენკრის მიქსი, ჩირები, ჩვენი სამზარეულოს ორცხობილები და სხვა….

როგორი იქნება “კენკრა” მაგალითად 5 წლის შემდეგ, თუ გიფიქრია ამაზე?

წინასწარ არ მიყვარს ხოლმე გეგმებზე საუბარი, თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, „კენკრა“ არ წყვეტს განვითარებას, გაფართოებას, გვაქვს უამრავი იდეა… ჩვენი მთავარი მიზანია, „კენკრას“ ჰყავდეს ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია ბიზნესის წარმატებასთან. ნელ-ნელა უკვე ფეხს ვიდგამთ, წინ და წინ მივდივართ. ერთ-ერთი გეგმა, რომლის დაანონსებაც ამ ეტაპზე შეგვიძლია, არის კონკრეტული ობიექტი, რომელსაც იმედია, სამომავლოდ გავხსნით… აქ შესაძლებლობა ექნება ადამიანს, მივიდეს, დაათვალიეროს და იყიდოს მისთვის სასურველი ჩაი და ჩაისთან დაკავშირებული სხვადასხვა პროდუქტი…

ფოტო: ქეთი გულისაშვილი

გადაღების ადგილი: ფუდ ლაბი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები