კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.
მისი განცხადებით, მოქალქეებს ვაქცინის არჩევა თავიანთი სურვილის მიხედვით შეეძლებათ. ტიკარაძის განცხადებით, “დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და ასევე მათ არჩევანს უფრო მეტად გააფართოვებს”.
“არის ვებპორტალი, რომელიც გამოქვეყნდება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, ასევე დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე, სადაც მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება მიეცემათ, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად. მათ საშუალება ექნებათ, აირჩიონ ყველა ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი, რომელიც ფართოდ არის დღესდღეობით ხელმისაწვდომი მსოფლიოს მასშტაბით. ვთვლით, რომ ეს კვლევა დაგვეხმარება, მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება და ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, შემდეგ რომელი ვაქცინები იქნება ქვეყანაში შემოტანილი”, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო, 30 მარტიდან კი აცრა “ფაიზერის” ვაქცინითაც არის შესაძლებელი. საქართველოში ჩინური ვაქცინაც არის შემოტანილი, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭებამდე მისი გამოყენება არ იგეგმება.