წინასაახალწლოდ 400 მილიონამდე ლარის ქართულ პროდუქციაში დახარჯვის სტიმულირების მიზნით, მოძრაობა KAR.GE დეკემბრის ტრადიციულ 30 დღიან გამოწვევას – #მევყიდულობქართულს უკვე მეექვსედ ატარებს.
“მიუხედავად 2017 წელს ემიგრანტების ჩამორიცხვების (20 %-მდე), ექსპორტის (30 %-მდე) და ტურიზმის (10 %-მდე) დღემდე ზრდისა, საქართველოს ეკონომიკის წლიური ზრდა 5%-საც ვერ აღწევს. რატომ არ აისახება ადეკვატურად შემოსავლის ასეთი დიდი ზრდა ქვეყნის ეკონომიკაზე? წარმოების განვითარებაზე? მოქალაქის ჯიბეზე? იმიტომ რომ 23 მილიარდ ლარის ღირებულების შიდა ბაზარზე გაყიდული პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობა იმპორტია. ანუ, ქვეყანაში შემოსული დოვლათი, ისევ და ისევ ქვეყნის გარეთ გაედინება. შედეგად, უკვე მრავალი წელია გვაქვს 5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი სავაჭრო დეფიციტი (იმპორტი აღემატება ექსპორტს) ყოველწლიურად. სწორედ ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, რომლის გამოც არ იზრდება დასაქმება, არ ვითარდება ადგილობრივი წარმოება და ქვეყანა ვერ მიდის წინ! ეს დიდი საფრთხეა!
გამოსავალი აქ ერთადერთია: ვიყიდოთ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი და სხვებიც ავიყოლიოთ ამ ნამდვილ ქართულ საქმეში, ვინაიდან როცა ხარჯავ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაში, ფული რჩება ქვეყანაში, გადახდილი ფულით ხელფასს უხდი და ასაქმებ საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს“, – აცხადებს გამოწვევის ორგანიზატორი, მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელი, ტარიელ ზივზივაძე.
მისივე ინფორმაციით, გამოწვევას 1 დეკემბერს 200-ზე მეტი ადამიანი დაიწყებს. ისინი იყიდიან 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერ ქართულ ბრენდირებულ ნაწარმს, გადაუღებენ ვიდეოს და ვიდეოშივე გამოიწვევენ თავის 3 Facebook მეგობარი, იქვე ტელეფონიდანვე ატვირთავენ ვიდეოს საკუთარ Facebook-ის პროფილზე და ”დათაგავენ” იმ 3 გამოწვეულ Facebook მეგობარს, რომელთაც 24 საათი აქვთ იგივეს გასაკეთებლად.
გამოწვევა მიზნად ისახავს 1,500,000 საქართველოს მოქალაქის ინფორმირებას და წინასაახალწლოდ 400 მილიონამდე ლარის მაქსიმალურად „გადამისამართებას“ ქართული ნაწარმისაკენ. გამოწვევის ფარგლებში გამოყენებული ჰეშტეგები იქნება: #30დღიანიგამოწვევა, #მევყიდულობქართულს და #ძალაერთობაშია.