პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, “უმრავლესობას მოლაპარაკება ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან ექნება, თუ ეს სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება”. მისი განცხადებით, მოლაპარაკება “ნაციონალურ მოძრაობასთანაც” არის შესაძლებელი, “მთავარია ისინი იმ დიქტატზე არ იყვნენ დაქვემდებარებული, რომელსაც კიევიდან პარტიის კონკრეტული ხელმძღვანელი ახორციელებს”.
“მოლაპარაკება ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტთან გვექნება, თუ ეს არის სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებისთვის. ამ შემთხვევაში, არ შეიძლება, არც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვრიცხოთ, თუ ის იმ მხარეს დადგება, რასაც ჰქვია ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა და ამ სტრატეგიას მიჰყვება. რასაკვირველია, „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ შეიძლება მოლაპარაკება, მაგრამ აშკარად გამოიკვეთა დიქტატი, რომელსაც კიევიდან პარტიის კონკრეტული ხელმძღვანელი ახორციელებს და სხვადასხვა კომენტარების მიუხედავად, ყველა ამ დიქტატზეა დაქვემდებარებული.
ოპოზიციას დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელობას ვთავაზობთ, ასევე ეუბნებიან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და გამოვლინდა, რომ პარალელური დათვლები ე.წ. სამართლიანმა არჩევნებმა იქით გააყალბა. ეს ყველაფერი ერთად თავმოყრილია, ჩვენს წინაშე დევს და მთავარია, ვინ როგორ შეაფასებს. სამწუხაროა, რომ მედიასივრცეში პოლიტიკური ანგაჟირებულობა რეალობას წარმოადგენს. ფაქტია და მოცემულობაა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ამ დიქტატს ჩამოსცილდება და ქვეყანაზე იფიქრებს, სათანადოდ უნდა შეაფასო, თუნდაც, ეს „ნაციონალური მოძრაობა” იყოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.