LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევარდნაძე, ჭანტურია… შემდგარი და არშემდგარი ტერაქტები საქართველოში

ტერორიზმი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობაა, რომელიც  გამოიყენება საზოგადოებაზე ზემოქმედების მიზნით.

ჯერ არ ვიცით ჰქონდა თუ არა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ფაქტს ტერორიზმთან რაიმე კავშირი, თუმცა ვიცით, რომ ის რაც მოხდა საქართველოსთვის სრულიად უცხო იყო.

სპეცოპერაცია, რომელიც “დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების” დაკავებას ემსახურებოდა, 20 საათი მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში, ისმოდა ორმხრივი სროლა, დანგრეულია საცხოვრებელი სახლის სამი სართული.

შესაძლოა, ეს დღე ისტორიაში დიდი ასოებით ჩაეწეროს, რადგან ამ მასშტაბის სპეცოპერაცია არც არასდროს ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. დარჩენილია უამრავი კითხვა, რაზეც შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა პასუხები არ გასცეს.

სანამ ამ კითხვებზე პასუხებს გავიგებთ, „ფორტუნა“  გთავაზობთ გადავხედოთ, წლების წინ, არშემდგარ და შემდგარ ტერაქტებს:

 

თბილისი – 1994 წელი

1994  წლის 3 დეკემბერს თბილისში, გიორგი ჭანტურია, საკუთარ სადარბაზოსთან, მანქანაში ჩაცხრილეს.

ტერორისტული აქტის შედეგად, დაიღუპა მისი დაცვის წევრიც მერაბ ბარამია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ტერორისტული აქტი „მხედრიონის“ წევრებმა ჩაიდინეს. ისინი დაპატიმრებიდან მალევე შეიწყალეს. რეალურად ვინ იდგა მათ უკან ამ დრომდე არ არის ცნობილი.

ჭანტურიას მკვლელობის შემკვეთად და ორგანიზატორად სხვადასხვა პირები სახელდებიან, მათ შორის – ედუარდ შევარდნაძე, იგორ გიორგაძე, შოთა კვირაია, ძმები რურუები და ა.შ.

 

თბილისი – 1995 წელი

პრეზიდენტ შევარდნაძეს სამჯერ მოუწყვეს ტერაქტი:

1992 წლის 3 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში.

1995 წლის29 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის იმდროინდელი შენობის (იმელის) ეზოში:

კონსტიტუციის მიღებიდან ოთხი დღის შემდეგ, ქართული პოლიტიკური ბომონდი და “ელიტარული ინტელიგენცია” – “მოსწავლეთა სასახლეში” შეიკრიბა, სადაც უნდა გამართულიყო კონსტიტუციის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი.

ელოდნენ მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც სულ მალე უნდა მოსულიყო ავტომანქანით. მოულოდნელად, პარლამენტის შენობის (იმელის) მხრიდან მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა და ცაში შავი კვამლის სვეტი ავარდა. როგორც შემდგომ გაირკვა, აფეთქდა თეთრი ფერის “ნივა”. იგი პარლამენტის ეზოში, ავტოსადგომზე იდგა; ცეცხლი წაეკიდა ედუარდ შევარდნაძის მანქანასაც. სახელმწიფოს მეთაური სულ რამდენიმე წამით ადრე გამოიყვანეს ალმოდებული მანქანიდან, რომელიც მაშინვე მთლიანად დაიწვა.

პირადი დაცვის წევრებმა ედუარდ შევარდნაძე “ჟიგულში” გადასვეს და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. შევარდნაძე სერიოზულად არ დაშავებულა, მხოლოდ შუშის ნამსხვრევები შეესო სახესა და მკერდში.

1998 წლის 9 თებერვალს რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე:

“სამთავრობო ტრასაზე”, სადაც ყოველდღე გადიოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
ნასროლიდან არც ერთი ჭურვი ედუარდ შევარდნაძის “მერსედესს” არ მოხვდა ისეთი ტრაექტორიით და იმ ნაწილში, სადაც იგი მანქანის სალონში შეღწევას შეძლებდა. ავტომობილი სერიოზულად დაზიანდა, თუმცა შევარდნაძე გადარჩა.

ტერაქტს შევარდნაძის დაცვის ორი წევრი შეეწირა.

ცოტა ხნის შემდეგ, სასამართლოზე დამნაშავეები სიამაყით აცხადებდნენ, რომ მათ ჩაიდინეს ეს საქმე.
როგორც ცნობილია დანაშაულებრივი ჯგუფი მზადდებოდა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. ერთ-ერთმა ჩეჩენმა მეთაურმა რადუევმა აიღო თავის თავზე ამ ტერორისტული აქტის ავტორობა.

გორი – 2005 წელი

საქართველოში ტერორისტული აქტის კვალიფიკაცი მიეცა აფეთქებას, რომელიც გორის სამხარეო პოლიციის შენობასთან მოხდა და რომელსაც, ოფიციალური მონაცემებით, 3 ადამიანი ემსხვერპლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 25 ივლისს განაცხადა, რომ ამ ტერაქტის უკან, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აგენტები იდგნენ.

თბილისი – 2005 წელი

2005 წლის 10 მაისს ვოვა არუთინოვი ტერაქტის მოწყობით თბილისში ჩამოსული აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მოკვლას აპირებდა. მისი დაკავების სპეცოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. არუთინოვმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის შედეგადაც დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ზურაბ ქვლივიძე.

ვოვა არუთინოვს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ის ბრალს არ აღიარებს.

 

თბილისი – 2016 წელი

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისის ცენტრში, კოლმეურნეობის მოედანზე ტერორისტული აქტი განხორციელდა. სამიზნე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გივი თარგამაძე იყო. მისი მანქანა აფეთქდა, თუმცა პოლიტიკოსი უვნებელი გადარჩა.

***

მოკლედ, როგორც ჩანს, საქართველოში ტერორისტული აქტები, ძირითადად პოლიტიკური მიზნებისთვის ხორციელდება. აქტების სამიზნე, როგორც წესი, ერთი ან რამდენიმე პირია (პოლიტიკოსი) და არა მასობრივი თავშეყრის ადგილები, რაც მსოფლიოში არსებული სიტუაციისგან საქართველოს შემთხვევებს მკვეთრად განასხვავებს.

გამონაკლისია 2005 წელს, გორში მომხდარი ტერაქტი, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც, გარკვეული ეჭვები არსებობს…

 

თამთა უთურგაშვილი