თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილს ბრალი დაუმძიმდა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის ნაცვლად, 109-ე მუხლით გაგრძელდება, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გარდაცვლილის ახლობელი აკა საჩიშვილი აცხადებს, რომ ბრალის დამძიმებას ოჯახის წევრები ითხოვდნენ.
“თავიდანვე ვამბობდით, რომ ქმედება 109- ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირებულიყო. ვეთანხმებით გამოძიებას. სწორია, რომ ბრალი დაამძიმა და ველოდებით სასამართლო პროცესს, სადაც ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესად გამოჩნდება”, – აცხადებს აკა საჩიშვილი.
ცნობითვის, ვანო ზანდარაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მას ბრალი 2020 წლის 27 დეკემბერს, 108-ე განზრახ მკვლელობის და 117-ე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით წარუდგინეს.