ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, შესაძლოა ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული მოდიფიცირება მოხდეს.
მისი განცხადებით, ჯერჯერობით ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერება არ იგეგმება და ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, რომ სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი გაგრძელდეს, თუმცა თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა დადგა ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება.
“გააჩნია სად იქნება ყველაზე მეტი ესკალაციის შემთხვევები. თუ ეს არის სოფლად სხვაგვარი მიდგომაა საჭირო, თუ იქნება დიდ ქალაქებში, მაშინ სხვაგვარი მიდგომაა საჭირო.
დიდ ქალაქებში ყველაზე ეფექტური რაც გვაძლევს ჩვენ ეპიდემიის მეტ-ნაკლებად კონტროლის საშუალებას ეს არის – ღამით გადაადგილების შეზღუდვა. თუმცა ამის აღსრულება და დარღვევები, რასაც ჩვენი შრომის ინსპექტირების სამსახური ავლენს, ღამით თავშეყრის და სოციალური აქტივობების გამო, ეს აუცილებელია აღიკვეთოს. არაფრით არ შეიძლება ამის დაშვება.
შემდეგი ეფექტური საშუალება არის, რა თქმა უნდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული მოდიფიცირება, მგზავრთა ნაკადების კონტროლი. ესეც ძალიან ეფექტურია.
რაც შეეხება სოფლად, სოფლად კარგია ტესტირება, ანუ ადგილზე აქტიური ტესტირება.
ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში ბაღების და სკოლების რისკი მაღალია, თუმცა ბაღების და სკოლების დახურვა ძალინ რთული გადაწყვეტილეებაა, ამდენად, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ დადგა, რა თქმა უნდა ვეცდებით, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ სასწავლო პროცესი სკოლებში, აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.